საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა – რაც დაკავშირებულია როგორც პანდემიის შემდგომი საავიაციო სექტორის აღდგენასთან, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვასთან და დასავლური ავიაკომპანიებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, საქართველოს საჰაერო სივრცის გლობალური მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. ევროპიდან აზიაში მიმავალი ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ასრულებს ფრენებს.
“საქაერონავიგაციამ” ფრენების სტატისტიკის და მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 180,778 გადაფრენა შედგა საქართველოს საჰაერო სივრცეში, რაც წლიურ ჭრილში 72%-იან ზრდას წარმოადგენდა, შესაბამისად საქართველოს დღეში საშუალოდ 495 გადამფრენი თვითმფრინავი კვეთდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი დღეში 288 გადაფრენა იყო. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს 22%-ით გაიზარდა საქართველოს აეროპორტებიდან შესრულებული ფრენები და გასულ წელს 51,713 აფრენა/დაფრენა შედგა, რაც დღეში ფრენას ნიშნავდა, აქედან თბილისის აეროპორტში დღეში 96 აფრენა/დაფრენა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეში 28 აფრენა/დაფრენა, ხოლო ბათუმის აეროპორტში დღეში 16 აფრენა/დაფრენა. რაც შეეხება მესტიის აეროპორტს აქ დღეში 2 ფრენა, ამბროლაურში კი 1 ფრენა სრულდებოდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, “საქაერონავიგაციას” გასულ წელს 154,599,000 ლარის საოპერაციო შემოსავალი ჰქონდა, რაც წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:
· შემოსავალი ტრანზიტულ რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურების გაწევიდან – 114,414,000 ლარი;
· შემოსავალი დაშვების/აფრენის მომსახურებიდან – 39,754,000 ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად 2023 წელს “საქაერონავიგაციას” 52,897,000 ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, კომპანიის უმსხვილეს ხარჯს მასში დასაქმებული 810 ადამიანის ანაზღაურება და ბონუსები წარმოადგენდა, რომელმაც გასულ წელს 63.6 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიას სულ 106 ავიამეთვალყურე ჰყავს.
“საქაერონავიგაციის” აქტივები 265 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 9.5 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ სარადარო სადგურებია.
წყარო: BM.GE