ეკონომიკამ არჩევნების წნეხს გაუძლო, თუმცა ბიზნესმენები მაინც ფრთხილობენ

არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი საკითხი არსებული სტაბილურობის შენარჩუნებაა. ქვეყანაში გარკვეული პროტესტის ნიშნები გაჩნდა, რაც ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენა ნამდვილად არ არის. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ რისკები ნაკლებადაა, თუმცა ბიზნესი უფრო ფრთხილად აფასებს მოვლენებს და აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რათა დაპირისპირება ავიცილოთ.
ქართულ ეკონომიკაში არასასურველი სცენარს რამდენად მყარი საფუძველი აქვს, დიდწილად მომავალ პოლიტიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული, რის წინაშეც ქვეყანა უკვე დადგა. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ვარაუდობს, რომ დაძაბულობის გაგრძელება ეკონომიკურ აქტივობას შეამცირებს, რაც ყველაზე მეტად რისკს ექსპორტს, ინვესტიციებსა და ლარის კურსს შეუქმნის. თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ დიდ პროტესტსა და არეულობას არ ელოდება. შესაბამისად, ჯანსაღი ეკონომიკური პარამეტრები დიდი ალბათობის შენარჩუნდება, რის მაგალითადაც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის დადებითი პროგნოზიც გამოდგება.
,,არჩევნებმა გარკვეულწილად უკვე იმოქმედა და ეკონომიკური პარამეტრები მცირედით შეიცვალა. მთავარია, რომ ამას არ შეუჩერებია პროგრესი. ვიმედოვნებ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება. თუკი დაძაბულობა მალევე გადაივლის და პროცესები არ გახანგრძლივდა, კიდევ უფრო უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა, განსაკუთრებით ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან,
ინვესტიციების კუთხით და ექსპორტრის მხრივაც ვითარება გასაუმჯობესებელია. ჩვენი პროგნოზები დადებითია. მაგალითად, სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, 7,5%-ით არის ნავარაუდევი საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რაც ს ფონზე ძალიან საყურადღებოა. მშვიდობიანობის პერიოდში კიდევ უფრო წინ წავიწევთ. შესაბამისად, სავალუტო რყევა დიდი არ იქნება, მაგრამ ამას დასჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო”, – განაცხადა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას და დასძინა, რომ ამ სტაბილურობის შენარჩუნება გაჭირდება, თუკი პროტესტი ქუჩაში გადაინაცვლებს, რაც დაწყებულია კიდეც.
,,პოლიტიკური საკითხებზე შეფასებას ვერ გავაკეთებ გამოიკვეთა არჩევნების შედეგების არცნობის საკითხი არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მხრიდან. უცხოელ პარტნიორებისა და დამკვირვებლების შემთხვევაში, საქმე აქამდე არ მისულა, ყოველ შემთხვევაში. მთავარია, სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, რომ პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ლარის კურსს საფრთხე დაემუქროს, მერე ეს უკვე ველაფერს წაიყოლებს. ამიტომ არასტაბილურობა ამ მხრივ გავლენას მოახდენს”, – აღნიშნა აკადემიკოსმა.
რაც შეეხება ბიზნესის პოზიციას, სექტორისთვის ახლა მთავარი სტაბილურობაა, რა მხრივაც ყველაზე დიდ რისკს ხედავენ. აქედან გამომდინარე, როგორც შპს ,,მეგასპორტის” დამფუძნებელმა დავით ჩხეიძე განაცხადა, მთავარია, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და არ დაძაბონ ვითარება, რაც ეკონომიკაში ახალ კრიზისს გამოიწვევს.
,,ყველა სექტორისთვის ცუდი იქნება, თუკი უახლოეს მომავალში ქუჩაში გადავა პროტესტი და პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესში არ გადაინაცვლებს. აუცილებელია დიალოგი, რა თქმა უნდა, ყველა მხარის მონაწილეობით, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებსაც ვგულისხმობ. თუ რამე კარგი უნდათ ჩვენი ქვეყანისთვის მათი პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი. უნდა მოხდეს შეთანხმება და მოლაპარაკება თავისი გარანტიებით. აქამდე უნდა მივიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკის მზარდი დინამიკა შეფერხდება და ყველა დავზარალდებით.
პრობლემა მარტო ლარის კურსი არ არის, აქ იმისთანა კრიზისში შევალთ, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზე იმოქმედებს. ბოლო რამდენიმე კვრის განმავლობაში 300 მლნ დოლარი გაყიდა სებ-მა რომ კურსი დაეჭირა. დისტრიბუცია, სასურსათო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდება, რადგან ფასის ზრდას გამოიწვევს. მომხმარებლებისთვის წარმოუდგენელ პრობლემას შექმნის საკვების გაძვირება, არაფრით არ უნდა დავუშვათ.
საბედნიეროდ, ჯერჯერობით სიტუაცია არის პროგნოზირებადი, თუმცა შესაძლებელი და მოსალოდნელია დაძაბულობა. წმინდა ბიზნესის თვალსაზრისით, ეს არც ერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი. ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდება რომ აქამდე არ მივიდეს საქმე”, – ამბობს დავით ჩხეიძე.
დაძაბულობა, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ცუდად იმოქმედებს, დააზარალებს უძრავი ქონების ბაზარსაც, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება.
,,მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და მხარეები შეთანხმდნენ, გააჩნია, ხელისუფლება ამ პროცესებს როგორ წაიყვანს. მარტო ჩემს სეგმენტში არ არის პრობლემა, ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის, თუნდაც შოკიდან გამომდინარე, რაც ხდება ბირჟებზე ფასების ვარდნით და სხვა, ყველა მხრიდან იქნება არასასურველი გავლენა. პროტესტი თუ ქუჩაში გადაინაცვლებს, ეკონომიკას შეაფერხებს და მერე შეიძლება ე.წ. ქრონიკულ ჭრილში გადავიდეს. მარტო ჩვენნაირი ბიზნესი არ მაქვს მხედველობაში, აქაა უძრავი ქონების ბაზარი, სამშენებლო სექტორი და სხვა, სადაც გრძელვადიანი პრობლემის შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე ვერ დაიძვრენს თავს. ბევრს ნულიდან გაუხდება საქმე დასაწყები. ცოტა რთული შედარებაა, მაგრამ კოვიდის დროს ბიზნესების ან გაჩერდნენ და მერე საერთოდ გაქრნენ, ან გააგრძელეს საქმიანობა, ამიტომ ბევრი კომპანია ვერ გაუძლებს, თუ ეკონომიკურად დაიძაბება მდგომარეობა, აქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე”, – განაცხადა ჩხეიძემ.
რაც შეეხება ეკონომიკურ ინდიკატორებს, ჯერჯერობით მწყობრშია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს, 5.74%-ის ნაცვლად, 7.55%-ით გაიზრდება.
შესაბამისად, სავალუტო ფონდი საქართველოში 1.81%-ით უფრო მაღალ ტემპს მოელის, ვიდრე ეს ფონდის მიერ აპრილში იყო ნავარაუდევი, 2025 წლისთვის კი სსფ საქართველოსთვის 5.97%-იან ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.74%-ით მეტია.
წყარო: რეზონანსი