ე.წ. ძირითადი (რეფინანსირების) განაკვეთის 21%-მდე ზრდამ რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზე გაიყვანა რეალური (ინფლაციის გარეშე) საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. ამგვარი საკვანძო მაჩვენებლითა და წლიური ინფლაციის 8,6%-ით, რუსეთში რეალური განაკვეთი 11,4%-ია.
ამ მაჩვენებლის მიხედვით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უკან ჩამოიტოვა მოზამბიკის, ლიბერიის და პაკისტანის ცენტრალური ბანკები; წინ მხოლოდ ვენესუელა რჩება 26,6%-ით (განაკვეთი 59.3%, ინფლაცია 25.75%).
თურქეთში ნომინალური მაჩვენებელი 50%-ია, მაგრამ იქ ინფლაციაც 49%-ია. ხოლო არგენტინასა და ზიმბაბვეში 35%-ია შესაბამისად 209% და 57,5% ინფლაციით. ანუ ბოლო ორ ქვეყანაში ნომინალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ რეალური მაჩვენებლები უარყოფითია.
მოზამბიკში განაკვეთი 13,5%-ია 2,45%-იანი ინფლაციის პირობებში, ხოლო შრი-ლანკაში – 8,25% დეფლაციის (-0,8%) პირობებში. რეალური განაკვეთები ამ ქვეყნებში, შესაბამისად, 10,8% და 9,1%-ია.
აშშ-სა და ინგლისში 5%-იანი განაკვეთით ინფლაცია 2,4%-ს და 1,7%-ს შეადგენს, ხოლო რეალური მაჩვენებლები, შესაბამისად, მხოლოდ 2,5%-ს და 3,2%-ია.
„2003 წლის შემდეგ განაკვეთის უმაღლეს დონეზე აწევა ახირება არაა! ესაა გარდაუვალი რეაქცია იმაზე, რაც ხდება ეკონომიკაში“, – განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ.
ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა დეკემბერში განაკვეთი 23%-მდე გაზარდოს, ხოლო 2025 წელს არ გამორიცხავს 25%-მდე ზრდასაც – სწორედ ასეთი დონეა ჩადებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების რისკების სცენარში.