საქართველოს მთავრობა 2028 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მკვეთრად შემცირებას გეგმავს. პრემიერი ამბობს, რომ ოთხ წელიწადში თითქმის 300 ათასი ადამიანი დააღწევს სიღარიბეს თავს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ გეგმის განხორციელება რეალურია, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში.
მთავრობის გეგმით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წლისთვის 150 000-მდე შემცირდება. 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 11.8% იყო, რაც დაახლოებით 440 ათასი ადამიანია.
“2012 წელს საქართველოში 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 440 000-მდე და ჩვენი გეგმის მიხედვით, მაქსიმუმ 150 000 იქნება სიღარიბის ზღვას მიღმა მცხოვრებთა რაოდენობა 2028 წლისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო კამპანიისას.
მანამდე, 2024 წლის 13 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა მაჩვენებლამდე შემცირდება. მაშინ პრემიერმა ისიც თქვა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება სწორედ სიღარიბის განულება იქნება.
ეკონომისტების შეფასებით, გეგმის შესრულება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული ზომებია მისაღები. როგორც სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, ამისთვის საჭიროა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, ლარის კურსის სიმყარე და ინვესტიციების მოზიდვა.
“შეუძლებელი არ არის, რეალურია ასეთი შედეგის მიღწევა და ამისთვის გარკვეული სახის ზომების გასატარებელი. პირველ რიგში, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები უნდა გვქონდეს. ამას უნდა დაემატოს ლარის კურსის სიმყარეც. ბოლო დროინდელი რყევები და ამდენი რეზერვის დახარჯვა, არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ უახლოეს თვეებში კარგი სიტუაცია გველია. თუ ყველა მხრივ სტაბილურობა არ გვექნა, მაშინ 2028 წლისთვის შემუშავებული გეგმა არ გამოვა.
ბოლო პერიოდის ეკონომიკური პოლიტიკა არის რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული და ამის დამსახურებით გვაქვს დიდწილად სწრაფი წინსვლა. ახლა კლებაა, მაგრამ თავდაპირველად რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გადმორიცხვები მკვეთრად გაიზარდა, ბინები შეიძინეს საქართველოში, რამაც გამოიწვია ეკონომიკის სტიმულირება.
შემდეგ რა იქნება, არ ვიცით. პრაქტიკულადაც შესაძლებელია, რომ 2028 წელს სიღარიბის ზღვარს ქვევით 150 ათასი ადამიანზე მეტი არ იყოს, მაგრამ ეს მაინც თეორიული მსჯელობაა. სხვაგვარი ეკონომიკური მიდგომა სჭირდება ამის მიღწევას, თუნდაც ევროპასთან და დასავლეთთან უკეთესი ურთიერთობა”, – ამბობს გივი მომცელიძე.
მანვე უპასუხა კითხვას – თუ სიღარიბის ზღვარს ქვევით მართლაც 150 ათასი ადამიანი დარცება, ბიუჯეტიდან მაინც ამდენი სოციალური დახმარება უნდა გაიცეს?
“ეს, რა თქმა უნდა, ნონსესია. თუ ჩვენ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ხალხის სიღარიბიდან ამოდის, მაშინ, რატომ არის ამდენი ადამიანი სოციალურად დაუცველი? მათი რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში.
ასე გაგრძელდება არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ თვითონ ბიუჯეტს ტვირთად აწევს, მეორე კუთხით ადამიანებს თავისებურად აზარმაცებს. ეს კი ეკონომიკურ ზრდაზე ცუდად მოქმედებს, რადგან თუ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გავაზარმაცებთ, გაგვიჭირდება. დიახ, შემოვლითი გზებით მუშაობენ სოციალურად დაუცველი ადამიანები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ვაზარმაცებთ. უხადოს სახელმწიფომ ფული, მაგრამ მუშაობას ნუ დაუშლის. დავუშვათ 700-800-ლარიანი ხელფასის პირობებში მიიღოს მაინც სოციალური შემწეობა, მაგრამ თუ 1500-2000 ლარზე ავიდა მისი შემოსავალი, მაშინ, რაღად უნდა დახმარება?
დაახლოებით 300 ლარია სოციალური დამხარება და ამ თანხის გამო ვიღაც-ვიღაცები ან არ მუშაობენ, ან თუ მუშაობენ, არ ფორმდებიან ოფიციალურად. როდესაც არსებობს ალტერნატივა, 1500-ლარიანი სამსახურის სახით, 300 ლარის გამო უარს ამბობ, არ მგონია სწორი იყოს. სახელმწიფო რომ ამდენ დახმარებას გასცემს, გარკვეულწილად ეს ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის”, – დასძინა მომცელიძემ.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 479 ადამიანი იღებდა, რაც 20 189 ადამიანით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში სოციალურ დახმარებას 667 668 პირი იღებდა.
როგორც ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, სოციალური დახმარებითა და სხვადასხვა სოციალური პაკეტებით სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია.
“რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია 4 წელიწადში კარგი შედეგის მიღწევა, მაგრამ მთავრობის გეგმის განხროციელება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებასა და ინკლუზიობის ზრდაზე. ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ რეალურად, მისი გადაცემა რიგით მოქალაქეებზე საკმაოდ დაბალია. ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკური ზრდის ასახვა საერთოდ არ ხდება, მაგრამ მცირეა. ეს განპირობებულია იმით, რომ ინკლუზიერობის მაჩვენებელი არის საკმაოდ დაბალი.
გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ სოციალური დახმარებითა და სხვადასხვა სოციალური პაკეტებით სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია. ძალიან ბევრი მოდელი არსებობს, მაგრამ ჩემი, როგორც ეკონომისტის, ხედვა მდგომარეობს შემდეგში, რომ სოციალური პროგრამების მიმართულებით გაცემული თანხები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან არამიზნობრივია, მიმართული უნდა იქნას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. ადამიანებს უნდა მივცეთ ანკესი და არა თევზი. სამუშაო ადგილებს შექმნა კი არ უნდა იქნას აღქმული პირდაპირი მნიშვნელობით. აქ ვგულისხმობს იმას, რომ როდესაც შეიქმნა სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების ბიურო, ადამიანებს ფორმალურად ასაქმებდნენ და არაფერში აძლევდნენ თანხას.
რეალურად უნდა მოხდეს ბიზნესის დაკრედიტება, კერძო სექტორის წახალისება, ეკონომიკაზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნა. ახალი ველოსიპედის მოგონება საჭირო არ არის, ძალიან ბევრი აპრობირებული მეთოდი არსებობს. ჩემი ხედვა ამაში მდგომარეობს და არა იმაში, რომ ყოველწლიურად გავბეროთ და დავტვირთოთ ბიუჯეტი სოციალური ხარჯებით. ეს არ არის ჯანსაღი პრაქტიკა და ქვეყნის სიღარბიდან ამოყვანის გზა ამაზე არ გადის”, – განუცხადა პაატა ბაირახტარმა.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია ნამდვილად ფიქსირდება. თუ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2012 წლიდან დღემდე სიღარიბის დონემ 18.2%-ით იკლო. ამჟამინდელი ხელისუფლების სათავეში მოსვლის დროს, 2012 წელს, საქართველოში 30%-იანი სიღარიბის მაჩვენებელი იყო, 2013 წელს – 26.2%, 2014 წელს – 23.5%. 2015 წელს – 21.6%, 2016 წელს – 22%, 2017 წელს – 21.9%, 2018 წელს – 20.1%, 2019 წელს – 19.5%, 2020 წელს – 21.3%, 2021 წელს – 17.5%, 2022 წელს – 15.6%, ხოლო 2023 წელს – 11.8%.
წყარო: რეზონანსი