ბრიტანეთში დიდი პარტიის ლიდერად პირველად აირჩიეს შავკანიანი ქალი
ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ თავის ლიდერად აირჩია თემთა პალატის 44 წლის წევრი კემი ბადენოკი. ის გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც სათავეში ჩაუდგება დიდ ბრიტანულ პარტიას. მან შეცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომლის კაბინეტში ბადენოკი იყო წარმოებისა და ვაჭრობის მინისტრი და თანასწორუფლებიანობის მინისტრი.
სუნაკის დროს კონსერვატორებმა არჩევნებში თავიანთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამარცხება განიცადეს. ივლისის საყოველთაო არჩევნების შემდეგ პარტიამ მხოლოდ 121 ადგილის შენარჩუნება მოახერხა იმ 365-დან, რაც მას ჰქონდა 650-ადგილიან თემთა პალატაში. სუნაკის გადადგომის შემდეგ რამდენიმე ყოფილი მინისტრი იბრძოდა პარტიის ლიდერის პოსტისთვის. ბადენოკმა შიდაპარტიულ არჩევნებში დაამარცხა იმიგრაციის ყოფილი მინისტრი რობერტ ჯენრიკი, რომელმაც კამპანია ააგო ანტიემიგრანტულ რიტორიკაზე, იუწყება BBC.
ბადენოკი დაიბადა ლონდონში, ნიგერიელი ემიგრანტების ოჯახში, და ბავშვობის დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში გაატარა. დაამთავრა სასექსის უნივერსიტეტი კომპიუტერული სისტემების ინჟინრის სპეციალობით და პროგრამისტის კარიერას შეუდგა. მოგვიანებით სწავლობდა იურისპრუდენციას.
იგი 2015 წელს აირჩიეს ლონდონის ასამბლეაში, მოგვიანებით ეკავა რამდენიმე სამთავრობო პოსტი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის დროს. შემდგომ იგი საგარეო ვაჭრობის მინისტრად მუშაობდა ლიზ ტრასის მთავრობაში.
ცნობილია, რომ ბადენოკი კონსერვატორთა ყოფილი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ თეტჩერის დიდი თაყვანისმცემელია და თავს მიიჩნევს მულტიკულტურალიზმისა და რადიკალური მემარცხენე ვოუკ-კულტურის მოწინააღმდეგედ. ის ემხრობა გადასახადების შემცირებას და სავაჭრო შეზღუდვებს და მთავრობას აკრიტიკებს ნავთობპროდუქტების შემცირების პროგრამისთვის.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის მწვავედ გააკრიტიკეს იმ სიტყვებისთვის, რომ „ყველა კულტურა არ არის თანაბარი თავისი წვლილით“, აღნიშნავს Associated Press-ი.
„ჩემთვის პატივი და პრივილეგიაა, რომ ამირჩიეს ჩვენი დიდი კონსერვატიული პარტიის ლიდერად. პარტიისა, რომელიც მიყვარს, რომელმაც ასე ბევრი მომცა,“ თქვა ბადენოკმა არჩევის შემდეგ. „დადგა განახლების დრო“.
წყარო: რადიო თავისუფლება