OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
OSCE/ODIHR მიუთითებს, რომ ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 25%-ში საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო.
ამასთან, ნათქვამია, რომ დაკვირვების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც მისიის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთვოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა და არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე.
ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულენეტების ჩაყრით ან 7%-ში უბნის დაგეგმარებასთან ან მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო.
ანგარიშში წერია, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად ქართული ოცნებიდან ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ და აღნიშნულია, რომ ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან “კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას”.
საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10%), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7%).
“საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4 პროცენტში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა.
ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ.
დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული – ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7 პროცენტი) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4 პროცენტში)”, – ნათქვამია ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისიის თანახმად, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვისა და თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გაზრიდილი რაოდენობის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა.
“ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილ უბნებზე დაკვირვების შემთხვევათა 99% და 98%-ში, შესაბამისად, მოწყობილობები სრულად გამართულად მუშაობდნენ.
გამონაკლისი შემთხვევა იყო მხოლოდ დეფექტური მოწყობილობისა და ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს შორის მონაცემთა სინქრონიზაციასთან დაკავშირებული იშვიათი ხარვეზების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიამ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს მოწყობილობები, 9%-ში ყველა ამომრჩეველს არ მიეცა ადეკვატური ინსტრუქცია ბიულეტენის გაფერადებისა და ხმის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
საარჩევნო უბნების 54%-ში ზოგიერთ ამომრჩეველს გაუჭირდა ხმების დამთვლელ მოწყობილობაში ბიულეტენის შეცურება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო უბნების 97 პროცენტში ესწრებოდნენ საარჩევნო პროცეს, ადგილობრივი დამკვირვებლები კი – 89 პროცენტში, რაც აუმჯობესებდა გამჭვირვალობას, თუმცა აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა აღნიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ხელშეშლის ფაქტი, როდესაც მათ შენობაში შესვლას უკრძალავდნენ ან დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
“ამის საპირისპიროდ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დაკვირვებათა 28 პროცენტში შენიშნეს, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების სახელით მოქმედებდნენ, რაც შეშფოთებას ზრდიდა ადგილობრივი დამკვირვებლების მიუკერძოებლობისა და მათი როლის ბოროტად გამოყენების გამო, რაც არ შეესაბამება ODIHR-ის მიერ გაცემულ უცვლელ რეკომენდაციას.