აფგან სადიგოვი სასამართლომ 3 თვით საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სასამართლომ 3 თვით საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატებმა სადიგოვისთვის საექსტრადაციო პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა არ დააკმაყოფილა, ასევე, არც გირაოს შუამდგომლობისა და პირადი თავდებობის საკითხიც დაკმაყოფილდა.
თავად დაკავებული სადიგოვის თქმით, მას სისხლის სამართლის დანაშაული არასდროს ჩაუდენია და როგორც აღნიშნა, მისი ექსტრადირების შემთხვევაში შესაძლოა მოკლან.
დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლო პროცესზე დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობდა, რომლის შესახებაც ხუთი სიუჟეტი მოამზადა და მისივე თქმით, ეს მისი დაპატიმრების მიზეზია.
“მე არასდროს ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, უბრალოდ ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ვაკრიტიკებდი და ვამხელდი მის დანაშაულებს.
აზერბაიჯანში არის ყველაზე დიდი ნარკომოვაჭრე, რომელსაც მთავრობის წევრები ეხმარებიან. მათ 2012 წელს საქართველოში 3 ტონა ჰეროინი წითელი ხიდიდან შემოიტანეს. 4 ტონა დაღესტანში გადაიტანეს და მოსკოვის მიმდებარე ქალაქებსა და ციხეებს ნარკოტიკით უზრუნველყოფენ.
ამის შესახებ ხუთი სიუჟეტი მოვამზადე, შემდეგ დამემუქრნენ და მითხრეს, რომ კრემლში მეგობრები ჰყავდათ, შემომთავაზეს თანხა და თუ უარს ვიტყოდი, როგორც მითხრეს, გამანადგურებდნენ.
თუ ჩემს ექსტრადიციას მოახდენთ აზერბაიჯანში, მათ ხელში აღმოვჩნდები. შეიძლება მომკლან კიდეც”, – განაცხადა სასამართლო დარბაზში აფგან სადიგოვმა.
სადიგოვის ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ექსტრადიციის შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზე მიუთითებენ.
“ეს სცენარი დიდიხნის წინ დაიწერა. აფგანი პატიმრობაში რჩება, რადგან ასეთია ალიევის შეკვეთა. ადამიანი კვდება და ეს არავის აღელვებს. აუცილებლად, ბოლომდე ვიბრძოლებ”, – თქვა მედიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ.
3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ – 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს.
ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 42-ე დღეა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.