გახარიას პარტია: მიმდინარეობს ბაზების ფალსიფიცირება

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართა, რომ აიძულოს ცესკო, დაიცვას ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია, რაც გულისხმობს სერვერებზე არსებული ბაზების, ასევე ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, რადგანაც არსებობს მონაცემთა ფალსიფიცირების რისკი.
ამის შესახებ პირველ ნოემბერს ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თითოეული დაგვიანებული დღე ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია. ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას, ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა“, — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის თქმით, ცესკო არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია და ამასთან, არ გასცემს ინფორმაციას „სმარტ მატიკთან“ ხელშეკრულების შესახებ, სადაც გაწერილია ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვის ვადა და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურები.
ერთ-ერთი მექანიზმი, რითაც პარტიებს კენჭისყრის დღეს ე.წ. კარუსელების არსებობის დამტკიცება უნდათ, არის ბაზის შექმნა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ გადაამოწმონ, ფიქსირდება თუ არა მათი ხმა არჩევნებზე, რომელ უბანზე და როდის. პირობითად ემიგრანტი, რომელსაც რეალურად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუ აღმოაჩენს, რომ ვიღაცამ მისი პირადი ნომრის გამოყენებით საქართველოში მისცა ხმა, ეს “კარუსელის” დამადასტურებელი ფაქტი იქნება.
ამავე თემაზე:
· „ცესკოს გამოქვეყნებული შედეგი სტატისტიკურად შეუძლებელია“ – HarrisX

ასევე დაგაინტერესებთ