კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამბობს, რომ გაყალბებულმა არჩევნებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გააჩერა. ამის შესახებ მანდ ფეისბუკზე დაწერა.
ლანა ღოღობერიძის აზრით, დღეს ზედაპირზე დევს რამდენიმე უტყუარი ჭეშმარიტება:
“საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამის ალტერნატივა ბნელ წარსულში – შენიღბულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. დღეს ამ პროცესს დიდი დარტყმა მიადგა, ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება. ევროსტრუქტურების ყველა პასუხისმგებელი პირი გვეუბნება, რომ ის შეჩერებულია – მას ბოლო ლახვარი გაყალბებულმა არჩევნებმა ჩასცხო.
ლოზუნგს „ომი გინდა” ერთადერთი პასუხი აქვს: სწორედ ომი რომ არ გვინდა, იმიტომაც ვირჩევთ ევროპას, რომელიც რეალურად არის მშვიდობის გარანტი, – ევროკავშირის დაარსების დღიდან მის ტერიტორიაზე არცერთი ომი არ ყოფილა, ამ კონტინენტზე ომის გამჩაღებელი მხოლოდ რუსეთია.
თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია, რაც ჩვენნაირი პატარა და მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის გაღატაკების ტოლფასია”, – აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, ათეული წლების მანძილზე ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს სვლა ევროპისკენ ისტორიული კანონზომიერებით არის განპირობებული და ამდენად, აბსოლუტურად შეუქცევადია. კინორეჟისორის აზრით, საპირისპირო შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები განწირული არიან:
“ისინი განწირული არიან იმისათვის, რომ ჩემ მსგავსად, მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის მსგავს ქვეყანაში იცხოვრონ. უუფლებოდ, დამცირებულად. როგორც მეორეხარისხოვანი, რუსეთის ქუსლქვეშ მყოფი სახელმწიფოს შვილებს შეეფერებათ”, – ამბობს ღოღობერიძე და აღნიშნავს, რომ ეს მაშინ, როცა ევროკავშირი თავისი კეთილდღეობით, მშვიდობით, უსაფრთხოებით და თანასწორობით ერთი ხელის გაწვდენაზეა.
კინორეჟისორი მიიჩნევს, რომ ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის ქუჩის პროტესტით:
“მთავარია – არ დავყაროთ ფარ-ხმალი. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია. ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით – რისი დიდი კულტურა გამოვამჟღავნეთ ამ ბოლო ხანს, სიტყვით, ცვალებადი სიტუაციის ანალიზით და საერთო გეგმის შემუშავებით.
და რაც ყველაფრის თავი და თავია: ერთმანეთისადმი ნდობით და ურყევი რწმენით- ჩვენ გავიმარჯვებთ.”
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ [„ძლიერი საქართველო“, „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“] 4 ნოემბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა.