გიორგი მარგველაშვილი – შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი – ჩვენ არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები, ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც მოტყუებისა და გარუსების გეგმას არასდროს მოვაწერთ ხელს

შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი – ჩვენ ვართ რეალურები და არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები – ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, ცოცხალი ქართველები, რომლებიც მოტყუებისა და საქართველოს გარუსების გეგმას არასდროს არ მოვაწერთ ხელს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ერმა პარტნიორ ქვეყნებს უნდა დაანახოს, რომ ქართველი ერი და ქართველი პოლიტიკოსები ერთ მხარეს დგანან, მეორე მხარეს კი სა და პუტინის მიერ შეკოწიწებული ხელისუფლებაა.
„მინდა ყველას ვუთხრა: შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი. აი, აქ ვდგავართ ერთად, ამდენი ვართ, რეალურები და ხელშესახები. ჩვენ ვართ რეალურები და არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები. ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, ცოცხალი ქართველები, რომლებიც ჩვენ სამშობლოს ვიცავთ და რომლებიც მოტყუებისა და საქართველოს გარუსების გეგმას არასდროს არ მოვაწერთ ხელს. აქ ვიდგებით მტკიცედ ისე, როგორც ვიდექით და ვიმარჯვებდით ყოველთვის. ასეთი იქნება ამ პროცესის მომავალი. ასე მტკიცედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს გვერდით არ მდგარან აქამდე. გამარჯვებული ხალხის იმ რაოდენობით, რომელიც მიდიოდა საარჩევნო უბნებზე საქართველოში და უცხოეთში, იმ სიმტკიცით, რომელიც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ ამ გაყალბების მანქანების წინააღმდეგ, ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენ რუსეთის მონები არ ვართ. დავანახეთ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც პირველი იმაღლებდა ხოლმე ხმას, როდესაც სახელმწიფო იყო დასაცავი და არჩევანი იყო გასაკეთებელი. ასე რომ, ესეც ჩვენი სიძლიერეა. ეს სიძლიერე უნდა ვაშენოთ და ჩვენს პარტნიორებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართველი ერი და ქართველი პოლიტიკოსები ერთ მხარეს ვდგავართ. ხოლო მეორე მხარეს რუსეთის და პუტინის მიერ შეკოწიწებული ხელისუფლებაა. ასე ერთად ქართველი პოლიტიკოსები დიდხანს არ დავმდგარვართ და დავდექით იმიტომ, რომ გადასარჩენია სამშობლო. ჩვენი სამშობლოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ და აქ არის ერთობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.