პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაში.
მისი თქმით, აქცია, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება, მნიშვნელოვანია, რათა გამყარდეს „24-საათიანი ბრძოლა“, რომელსაც ისინი აწარმოებენ ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების, როგორც სამართლიანი ინსტიტუტის, გადარჩენისთვის:
„რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს გამყარდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, ყოველთვის, როგორც ვიყავით აქამდე და ვიქნებით მომავალშიც“, – აცხადებს გიორგი გახარია.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, 29 ან 30 ოქტომბერს, ის მიმართავს პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა.
„დღეს გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დავადასტუროთ ისეთი საარჩევნო სქემების, მანიპულაციის სისტემური ხასიათი, როგორიც არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სრულად პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებით, მათი ნათესავებით და ურთიერთდაკავშირებული პირებით.
სისტემური ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე. „ქართულმა ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა საჯარო მოხელეები, რომლებსაც აშანტაჟებდა ხელფასით და პირდაპირ დავალებას აძლევდა, რომ ისინი მარტო კი არ უნდა მისულიყვნენ და ხმა მიეცათ „ოცნებისთვის“, თავისი ოჯახების წევრებზეც გარანტიები უნდა გაეცათ.
სისტემური მოსყიდვა, ფულის დარიგება. ფაქტობრივად, ყველა უბანზე ჰქონდათ მოწყობილი მიკროავტობუსში მიკროშტაბი, სადაც ადამიანებს პირდაპირ და ღიად ურიგებდნენ ფულს და ამის უამრავი კადრი და მაგალითი არსებობს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი, პირადობის მოწმობებით მანიპულირება, მათ შორის, ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით, მათი გამოყენება ხმის მიცემისთვის. ამ ყველაზე მძიმე მანიპულაციის სქემაში, რომელშიც ჩვენ საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს და რომლის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა სუსის, ცესკოს და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებული კოორდინირებული მუშაობის გარეშე, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, მივმართოთ პროკურატურას“, – ამბობს გიორგი გახარია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
· არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.
· კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
· “კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” აცხადებს.
· პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.