“თბილისიდან მოსული ცნობების მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. მაღალი აქტივობა, დაახლოებით 58% – სამოქალაქო აქტივობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ხმების თითქმის 53%, რაც მმართველმა ქართულმა ოცნებამ მიიღო, ისევე როგორც ოთხი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება პროგნოზირებადად და ცივილიზებულად. ამაში დაინტერესებულია არამხოლოდ საქართველო, არამედ კავკასიის მთელი რეგიონიც”, – დაწერა კარასინმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.
ამავე დროს, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნება 40,9% ჰქონდა, ხოლო პროევროპულ ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამურად – 51,9%.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ იზიარებენ და მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის შეფასებით, დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. მათივე განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად დაძაბული ვითარება იყო მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც დამკვირვებლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, დაფიქსირდა მარკირების პროცესის დარღვევა, საარჩევნო ყუთებში საარჩევნო კონვერტების ჩაყრა და სხვა დარღვევები.