“საქართველო ხმას აძლევს არჩევნებში, რომელმაც შეიძლება ის ევროკავშირამდე მიიყვანოს ან დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოში მიმდინარე არჩევნების შესახებ AP.
ახალი ამბების გავლენიანი საერთაშორისო სააგენტო წერს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე საარჩევნო უბნებზე იმ მოტივით გადის, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
სააგენტო იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ოპოზიციური პარტიები აიკრძალება.
ბიძინა ივანიშვილს სააგენტო ჩრდილოვან მილიარდერად მოიხსენიებს.
გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ევრო–ატლანტიკური არჩევანი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რაც ხელისუფლებას ამ გზის ერთგულების ვალდებულებას აკისრებს.
AP აღნიშნავს აგენტების შესახებ კანონის და ლგბტ კანონის წინააღმდეგობას ევროპულ ღირებულებებთან.