პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ფოთში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ფოთში დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. პარტიის წევრის, დავით ხომერიკის თქმით, დაფიქსირდა თანხის დარიგების და ერთ ამომრჩეველზე ორი ბიულეტენის გაცემის ფაქტები. ის მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ მოახდინოს სათანადო რეაგირება.
„აქტივობა არის მაღალი, ჩვენს თანაქალაქელებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, მიუხედავად ამისა „ქართულმა ოცნებამ“ დილიდან დაიწყო სამარშრუტო ტაქსების მობილიზება, იყო თანხის დარიგების ფაქტები, ასევე ერთ ამომრჩეველზე ორი ბიულეტენის მიცემის შემთხვევა. ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ სამარშრუტო ტაქსებში, სადაც სხედან “ქართული ოცნების” კოორდინატორები, მოვაშოროთ საარჩევნო უბნებს. მოვუწოდებ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ნებისმიერ დარღვევაზე, რომელზეც ჩვენ საჩივრებს ვწერთ, მოახდინოს რეაგირება და მიიღოს მკაცრი ზომები“, – განაცხადა დავით ხომერიკმა.
პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა ჯოჯუა აცხადებს, რომ უბნებზე მობილიზებულია საკრებულოს წევრები. მისივე თქმით, ისინი გამოირჩევიან აგრესიით.
„საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ამომრჩევლების, რაც უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვივარაუდოთ კარგი შედეგი. საარჩევნო უბნებზე მობილიზებულია საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიით გამოირჩევიან, მოგვიწია რამდენიმე მათგანთან დაპირისპირება“, – განაცხადა ანა ჯოჯუამ.