რეჟიმი ფაქტობრივად გადაყენებულია, დღეს ჩვენი ამოცანა და მიზანია ეს გადაყენება გავაფორმოთ, ნოტარიულად, ეროვნულად – შალვა ნათელაშვილი
“დარწმუნებული ვარ, რომ გველოდება გამარჯვების საღამო და ძალიან დიდი, ნათელი გზა, რომელსაც საქართველო მიიყვანს იმ განვითარებამდე, რომ დაიკავებს თავის კუთვნილ ორბიტას მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში, საიდანაც მისი ამოგდების მცდელობა იყო უაღრესად სერიოზული,” – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ლეიბორისტულმა პარტიამ ოლიგარქიული რეჟიმი მიიყვანა დასანქცირებამდე ძალიან დიდი ბრძოლით, 12 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომით.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დადგა გამარჯვების დილა, დარწმუნებული ვარ, რომ გველოდება გამარჯვების საღამო და ძალიან დიდი, ნათელი გზა, რომელსაც საქართველო მიიყვანს იმ განვითარებამდე, რომ დაიკავებს თავის კუთვნილ ორბიტას მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში, საიდანაც მისი ამოგდების მცდელობა იყო უაღრესად სერიოზული. ლეიბორისტულმა პარტიამ ოლიგარქიული რეჟიმი მიიყვანა დასანქცირებამდე ძალიან დიდი ბრძოლით, 12 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ რეჟიმის ადგილი დედამიწის პოლიტიკურ ორბიტაზე აღარ დარჩა, ისინი ფაქტობრივად არიან უკვე გადაყენებული, დღეს ჩვენი ამოცანა და მიზანია აი ეს გადაყენება გავაფორმოთ, ნოტარიულად, ეროვნულად, როგორც გვჩვევია, მშვიდად, მშვიდობიანად და დავუდოთ გზა ახალ ფურცელს ჩვენი ქვეყნის იმ დიდ ისტორიაში, რომლის ათასწლეულები მოდიოდა და ვერავინ ვერ გააჩერა და ვერანაირი ძალა წინ ვერ აღუდგა და ასე იქნება ახლაც ჩვენი ხალხის სიდიადიდან, სილამაზიდან და სიბრძნიდან გამომდინარე და თანაც მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით დგას აი ამ დიდ ბრძოლაში და მთელი მსოფლიო ელოდება შედეგს, მთელი მსოფლიო ელოდება დღეს საღამოს ქართული არწივის აფრენას კოსმოსურ სიმაღლეებში და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. გადარჩენა დღეს საქართველოსი არის ათიანის გაფერადება – ეს არის გზა, ლეიბორისტული პარტია არის ძალა, რომელმაც არამარტო ოლიგარქიული რეჟიმი უნდა შეცვალოს, არამედ აღარ უნდა დაუშვას ახალი ოლიგარქის მოსვლა, ოლიგარქის ოლიგარქით ჩანაცვლება და უნდა დავიწყოთ ევროპული სოციალიზმის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანს ექნება ცხოვრების, არსებობის, მოღვაწეობის ადამიანური, ცივილიზებული, ნორმალური გარანტიები და ეს გარანტიები აუცილებლად იქნება შესრულებადი და არამხოლოდ დაპირებადი.
გაგვიმარჯოს, ხალხო! დიდ ბედნიერებას, დიდ სიხარულს გისურვებთ! ეს ყველაფერი ახლოვდება, ეს ყველაფერი იქნება არამარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის კუთვნილება!” – ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:
“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
საქართველოს პრეზიდენტმა
პარლამენტის თავმჯდომარემ
თავდაცვის მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრმა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
თბილისის მერმა.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და პოლიტიკურად აქტიურმა მოქალაქეებმა:
გიორგი გახარიამ (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა)
ზურა გირჩი ჯაფარიძემ
გიორგი ვაშაძემ
ანა დოლიძემ
ნიკა გვარამიამ (ყოფილმა პროკურორმა)
გიორგი მარგველაშვილმა (ყოფილმა პრეზიდენტმა)
ნიკა მელიამ
მამუკა ხაზარაძემ
ლევან ხაბეიშვილმა
სოფო ჯაფარიძემ
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ასევე სახალხო დამცველმა და ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კომისიის წევრების სიღრმისეული გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის, მათ შორის, უსინათლო პირების არჩევნებში ეფექტური მონაწილეობისთვის. მისი დაკვირვებით, დღეს ამ მხრივ, კომისიის წევრებვი მომზადებულნი არ არიან.