ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენელი კომისიის წევრები ამომრჩეველთა სიებს ბეიჯებში მალავენ.
როგორც კორძაიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას გამოიყენონ თავიანთი უფლება და მიმდინარეობს ამომრჩევლებზე ზეწოლა.
“ქუთაისის მე-11 და მე-7 უბანში მოხდა ორი ბიულეტენის გაცემა. გორის მე-80, დედოფლის წყაროს მე-2 უბანში, მთაწმინდის მე-3 უბანში – სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი. ასევე დამკვირვებლებთან მიმართებაში, როდესაც რეგისტრატორების უკან არ აძლევენ სათანადოდ დაკვირვების შესაძლებლობას. ასევე, ჩვენს მიერ გამოვლინდა საჯარო მოხელეების მხრიდან ზეწოლის ფაქტები ასპინძის მე-20 უბანზე. რწმუნებული ნოდარ ბაბელაშვილი, დეპუტატი გოჩა ყრუაშვილი ახდენენ ამომრჩეველზე ზეწოლას. მათ გაიყვანეს კომისიის 2 წევრი უბნიდან, აძლევენ მითითებს და ერევიან კომისიის წევრების საქმიანობაში.
ქარელის რაიონში, ადიშში, მე-7 უბანზე გამგებლის წარმომადგენელი სულო მარგველაშვილი ახორციელებდა ასევე ამომრჩეველზე ზეწოლას. ძალიან მნიშვნელოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი გარდაბნის 54-ე უბანზე. ამ წუთში ჩვენ უკვე ვწერთ საჩივარს, აბელ მირზოევმა წაიღო გადასატანი საარჩევნო ყუთი და მას გაჰყვნენ მხოლოდ ქართული ოცნების კომისიის წევრები და არ გააყოლეს დამკვირვებლები, რაც სერიოზული დარღვევაა.
სამგორის 38-ე უბანზე მარკირების სითხე არ არის საერთოდ და არ რჩება ამომრჩევლის მარკირება. ასევე, ჩვენს მიერ გამოვლინდა ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნებზე და ოცნების კოორდინატორები არიან აბსოლუტურად მობილიზებული უბნებთან და საარჩევნო სიები აქვთ იმისთვის, რომ მოახდინონ აღრიცხვა. ეს არის ქუთაისის მე-7, 64-ე და მე-11 უბნები. ბათუმის მე-5 უბანი. ლაგოდეხში. ზუგდიდის მე-10 უბანი, მარტვილის მე-9 უბანი, ბოლნისის 51-ე და 52-ე უბნების მიმდებარედ. მარნეულის მე-3 და მე-5 უბანი. ისნის 30-ე უბანი.
საინტერესო და ძალიან ყურადსაღები ფაქტია დარღვევა მარტვილში, კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს ბეიჯებში უდევთ ამომრჩეველთა სია და ამ ფორმით მალავენ. ამის დასადასტურებელ ვიდეო მასალებს ნახავთ ჩვენს მიერ გაშვებულ კადრებში. და კიდევ, დამკვირვებლებზე ზეწოლა ბათუმის მე-2 უბანზეც ხდება და ქუთაისის 48-ე და 47-ე უბნებზე”, – თქვა კორძაიამ.