საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო – საია-ს დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის დაწერილია 15 საჩივარი და 15 შენიშვნა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუწყება, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო. განცხადება საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ გააკეთა.
საიას ინფორმაციით:
საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული ხარვეზები:
6:45 საათზე საიას მიერ დასაკვირვებელი უბნების ნაწილი არ გაიხსნა მოსამზადებლად. ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 6:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან კი გააქტიურებული იყო ელექტრონული აპარატები. ამ პერიოდისთვის ასევე გამოვლინდა ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მდივანი არ გამოცხადდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე გავიდა უბნიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დილის 8 საათისთვის რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა, შესაბამისად, დაგვიანდა კენჭისყრის პროცესის დაწყება.
კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა როგორც აპარატების გაუმართაობის, ისე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები. კერძოდ:
რუსთავის ოლქში 27-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს, ბიულეტენის ნაცვლად, აჩვენებს ფურცელს, რომელზედაც ციფრი 41-ის წინ არსებული წრეა გაფერადებული და ამომრჩევლებს აძლევს მითითებას, რომ მსგავსად გააფერადონ ბიულეტენი.
მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ელექტრონული მოწყობილობების გამართულად მუშაობასა და რეგისტრატორების მხრიდან ვერიფიკაციის აპარატის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით: რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს ატარებენ არასწორად, რის გამოც, უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა. ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა.
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა.
გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები – გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ს მე-13 უბნებზე.
დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა. საიას მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
საიას დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ვაკის ოლქის 66-ე უბანზე საიას დამკვირვებელს არ უშვებდნენ და სთხოვდნენ დამკვირვებლის მოწმობაზე სველი ბეჭდის არსებობას. საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ ის უბანზე შეუშვეს. კრწანისის 21-ე უბანზე დამკვირვებელს არ აძლევდნენ დაკვირვების და თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ლაგოდეხის მესამე უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშუალება. ხონის მე-3 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ უფლებას, ფოტო გადაუღოს ელექტრონული აპარატიდან ამოსულ ნულოვან ქვითარს. სამგორის 55-ე უბანზე დამკვირვებელს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიაღებინეს მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი პირების წილისყრაში. ქუთაისის ოლქის 49-ე უბანზე საიას დამკვირვებელს განსაკუთრებული აგრესიით მიმართავდა კომისიის თავმჯდომარე, არ აძლევდა თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობას, რის შემდეგაც დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევეს.
პერიმეტრზე არსებული დარღვევები:
გრძელდება წინა წლების ტენდენცია გარე პერიმეტრზე კოორდინატორების და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრებასთან დაკავშირებით.
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ში 21-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, 25 მეტრის რადიუსში, პარტია „ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალაა განთავსებული. საიას დამკვირვებელმა ფაქტზე რეაგირებისთვის -ს მიმართა. დარღვევა ბოლომდე არ აღმოიფხვრა. მსგავსი შემთხვევა იყო ჩოხატაურის პირველ უბანთანაც.
საზღვარგარეთის უბნებში, ძირითადად, პროცედურული სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ფინეთის უბანში წილისყრა ჩატარდა კენჭისყრის დღეს, ხოლო ბრატისლავაში საარჩევნო ყუთები წინასწარ იყო დალუქული. ვილნიუსის, მიუნხენის, მადრიდის და პრაღის უბნები გვიან გაიხსნა.
საარჩევნო უბნებში პარტია „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებულია ვიდეოკამერები.
Საიას დამკვირვებლებმა დილის 10 საათისთვის ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 15 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 4 საჩივარი.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. საია საარჩევნო მისია ფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარია.
საარჩევნო უბანზე საია წარმოდგენილია როგორც სტატიკური, ისე მობილური დამკვირვებლებით. ისინი მონიტორინგს უწევენ საარჩევნო პროცესს უბნის გახსნის მომენტიდან და დარჩებიან უბნებში იმ დრომდე, სანამ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები არ შედგება. ასევე, საიას 30 ოლქის დამკვირვებელი შესაბამის ოლქებში მთელი ღამის განმავლობაში დააკვირდება სხვადასხვა უბნიდან ოლქებში დოკუმენტაციის მიღების პროცედურებს. ამასთანავე, საიას მისია შეისწავლის 3111-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებს, რაც მოიცავს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ არსებულ უბნებს.
მისიაში ჩართულია 7 რეგიონული და 1 ცენტრალური შტაბი, რომლებიც კოორდინაციას უწევენ საიას სადამკვირვებლო მისიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საიას ცხელი ხაზი ს დღეს
საიას ცენტრალურ შტაბში არჩევნების დღეს ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 577 07 05 67. ამ ნომრის გამოყენებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კონსულტაციის გავლა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. დარღვევების თაობაზე ინფორმაციის მოწოდება ასევე შესაძლებელია იმეილის მეშვეობით – [email protected]