საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა და კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს

საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ხმის მიცემის პროცედურა
საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი პირველ რიგში გაივლის პირადობის მოწმობის შემოწმების პროცედურას და ასევე მოხდება მარკირების შემოწმება, შემდეგ ამომრჩეველი მიდის ვერიფიკაციის აპარატთან, სადაც უკეთებენ მარკირებას, აფიქსირებს აპარატზე პირადობას და იბეჭდება ქვითარი. მოქალაქე აწერს ხელს ამ ქვითარს და სპეციალურ გაუმჭვირვალე ყუთში აგდებს. შემდეგ მას აძლევენ ბიულეტენს, რომელსაც კაბინაში აფერადებს და ათავსებს ელექტრონულ ურნაში, რის მერეც ტოვებს საარჩევნო უბანს.
ამომრჩევლებს ბიულეტენში 18 პოლიტიკური სუბიექტი დახვდებათ. სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოთ ან მონიშნოთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.
თუ მოქალაქე საღამოს 20:00 საათზე ისევ რიგში იდგება, ხმის მიცემა მაინც შეუძლია. ამისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.