ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, თანასწორობისა და სეკულარობის კუთხით ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც გაცხადებულია მმართველი პარტიის მანიპულაციები რელიგიით, ომით, რომ თითქოს ოპოზიციის არჩევა საფრთხეს უქმნის მართლმადიდებელ ეკლესიას, ეროვნულ იდენტობას. ამის „საპირწონედ“ კი თავად „ქართული ოცნება“ სისტემატურად სტუმრობს ეკლესია-მონასტრებს და საპატრიარქოს საჩუქრად გადასცემს მიწებსა და შენობა-ნაგებობებს.
ანგარიშში მოყვანილია მსგავსი მანიპულაციების ამსახველი ციტატები ბიძინა ივანიშვილის, მამუკა მდინარაძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ზარქუას განცხადებებიდან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ:
· მმართველი პარტია წინასაარჩევნო ბანერებით და ვიდეორგოლებით მანიპულირებს რელიგიით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბილი უკრაინის კადრებით კი ამომრჩეველს მიანიშნებს, რომ ოპოზიციური სუბიექტების არჩევა მოიტანს ომსა და ეკლესიების ნგრევას.
· მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მმართველი პარტია აგრძელებს ეკლესიისა და მართლმადიდებლობის თემებით სპეკულირებას და საარჩევნო დაპირებად აცხადებს კონსტიტუციაში “მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის” ასახვას.
· მმართველი პარტია ეკლესიისა და “სარწმუნოების დაცვის” არგუმენტით უფლებადამცველებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და დასავლელ პარტნიორებს წარმოაჩენს როგორც დასავლურ 4 “აგენტურას” და იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “ეკლესიასთან მებრძოლები”, “ეკლესიის მაგინებლები”, “ანტიეროვნული, ანტიეკლესიური, რადიკალი დაჯგუფებები” და სხვა.
· მმართველი პარტიის და ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად სტუმრობენ ეკლესია-მონასტრებს და საჯაროდ ჩნდებიან მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ერთად.
· მიმდინარე წლის მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში, მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 11,062 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და შენობა-ნაგებობები საკუთრების, ხოლო 217,008 კვ.მ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწები 99 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცა.
· საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებებში ჩანს სახელისუფლებო პარტიის და მისი პროპაგანდისტული, ანტიდემოკრატიული ინიციატივების მხარდაჭერა. მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების ნაწილი, ხელისუფლების მხარდაჭერასთან ერთად, ავრცელებენ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და დასავლეთის საწინააღმდეგო განცხადებებს.
· წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიამ და ჯგუფებმა, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ქსენოფობია და არმენოფობია გაააქტიურეს. არმენოფობიური კამპანია კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
TDI-ს მონიტორინგი მოიცავს საჯარო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების და საჯარო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და აქტივობებს, 2024 წლის 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში.