ირაკლი კობახიძე: საქართველოში არ არსებობს პარტია, რომელზეც რუსეთს გავლენა აქვს

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, “რუსეთს საქართველოში გავლენები არ აქვს”, ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პარტია ან მედია, რომელიც რუსულ გავლენებს ავრცელებს, ხოლო ქართული ოცნება პროევროპული პარტიაა. ამის შესახებ მ გამოცემა Euronews-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ გარკვევით პროევროპელები ვართ, როგორც მთავრობა. და ეს ჩვენი ქმედებებითაც დავამტკიცეთ. და კიდევ ერთხელ, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც მოვახერხეთ ქვეყანა ევროკავშირისკენ წაგვეყვანა. სწორედ ამიტომ, არ არსებობს სივრცე იმგვარი  მანიპულაციებისთვის, როგორსაც ოპოზიცია მიმართავს. ეს მათი არჩევანია. ეს მათი საქმეა და დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში წინ წავწიოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი”, – თქვა კობახიძემ Euronews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ქართული ოცნება პრორუსული პარტიაა, თუ პროევროპული.

ჟურნალისტმა მოლდოვის პოლიტიკურ პროცესებში ს ჩარევის ფაქტიც აღნიშნა და პრემიერმინისტრს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, რომ ამგვარი სცენარი საქართველოშიც განვითარდეს. კობახიძის მტკიცებით, საქართველოში არ არსებობენ ისეთი პოლიტიკური პარტიები ან მედიასაშუალებები, რომლებზეც რუსეთს გავლენა აქვს. შესაბამისად, პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთს საქართველოს არჩევნებში ჩარევა არ შეუძლია.

“შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს საქართველოში გავლენები არ აქვს. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასეთი გავლენით ისარგებლებდნენ. არც რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები არსებობს. ამიტომაც, რუსეთს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნებზე საქართველოში”, – თქვა კობახიძემ.

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა რუსულ კანონსა და რუსული სტილის ანტი-ლგბტ კანონის მიღებაზეც. მისი თქმით, მიღებულ კანონებს რუსული ანალოგების შინაარსთან “საერთო არაფერი აქვთ”.

“ეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვს საერთო რუსეთის მთავრობს გადაწყვეტილებებთან. ჩვენ წარვადგინეთ გამჭვირვალობის კანონი და ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არასამთავრობოების შესახებ რუსული კანონის შინაარსთან. ის მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. კიდევ ერთი რამ, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს არის იმის უზრუნველყოფა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინონ წლიური ფინანსური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროს. სულ ესაა. არანაირი შეზღუდვები. სწორედ ამიტომ იყო გზავნილი რუსული კანონის შესახებ აბსოლუტურად ყალბი. რაც შეეხება ლგბტქ კანონს, ესეც ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ბაჩიაშვილი არის ხავსს მოჭიდებული ახალგაზრდა, რომელმაც იცის, რომ მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს და ცდილობს, ოპოზიციასთან დაახლოებით თავი გამოიძვრინოს