ნანა ტოხვაძე – მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყოვნებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს – პედაგოგებმა კომპრომისული გეგმა დღემდე ვერ მოისმინეს

მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყოვნებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს და მათი ლეგიტიმური მოთხოვნის შესასრულებლად ზომები მიიღოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლების სამინისტროსთან მიმდინარე მასწავლებლების აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების მინისტრი პედაგოგებს დღემდე არ ხვდება, რაც მათ აიძულებთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენონ.
„დღეს, 6 დეკემბერს, შიმშილობის მე-3 დღეა იმ მასწავლებლების, რომლებმაც „გაუფრთხილდი მასწავლებელს“ მოწოდებით პროტესტი დაიწყეს. თავისთავად, ფაქტი, რომ განათლების მინისტრს ამის შეხსენება სჭირდება ერთი სირცხვილია, ხოლო უპრეცედენტო სირცხვილი ბატონი ამილახვარის ანგარიშზე ის გახლავთ, რომ მასწავლებლებს და მისი სისტემისგან უსამართლოდ დასჯილ კვალიფიციურ დირექტორობის მსურველს, ქალბატონ მაია ეკალაძეს სამართლის საპოვნელად შიმშილობა მოუწია.
მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყოვნებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს და მიიღოს ზომები მათი ლეგიტიმური მოთხოვნის შესასრულებლად. ახლა გადადგმული ნაბიჯები ვერ გადაფარავს მის პოლიტიკურ კარიერაში გაჩენილ შავ ლაქას, მაგრამ მას შანსი ექნება, ერთხელ მაინც იმოქმედოს განათლების და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მით უფრო მაშინ, როდესაც მასწავლებლები ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან.
საზოგადოებას შევახსენებ, 27 ნოემბრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ და ღამეს სამინისტროს წინ ღია ცის ქვეშ ათენებენ პედაგოგები. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისათვის. 4 დეკემბერს დირექტორობის კონკურსში მონაწილე ორი პედაგოგი დავით ფერაძე და მაია ეკალაძე მინისტრსა და მის მოადგილეებს შეხვდნენ. დარღვევების შესახებ ინფორმირების შემდეგ პედაგოგებმა მინისტრისგან კონკრეტული, რაციონალური და კომპრომისული გეგმა ვერ მოისმინეს. დღეს 2 მთავარი მოთხოვნის დაყენება შიმშილობის ფონზე უწევთ. პირველი – გაიმართოს ღია, საჯარო, გამჭვირვალე კონკურსი მაღალი საზოგადოებრივი სანდოობის მქონე კომისიასთან და არა განათლების სამინისტროს ხელდასხმულ წევრებთან. მეორე – დისკრეციული წესით გადანაწილდნენ პოლიტიკური ნიშნით „დაბლოკილი“ დირექტორობის კანდიდატები უდირექტოროდ დარჩენილ საჯარო სკოლებში“, – განაცხადა ტოხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო