“ბიძინა ივანიშვილი, მე და ბადრი ჯაფარიძეს გვებრძვის, ბოლო 5 წელია. აქ, მთავარი მიზეზი მენტალური და მსოფლმხედველობრივი სხვაობაა, ამ ქვეყანას სხვადასხვაგვარად ვუყურებთ“, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ხაზარაძე ამბობს, რომ იავნიშვილი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ “არ დაემონენ, არაფერი დავუთმეა და პრინციპულად დადგნენ“.
ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ არ დავემონეთ, არ დავუთმეთ, პრინციპულად დავდექით. თქვენ გახსოვთ, რა არ ჩაატარა, ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ არ გაუვიდა და არც გაუვა, რადგან საქართველოში თავისუფლება და მებრძოლი სული არასდროს არ ჩაკვდება. მე, იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ყოველთვის გააკეთებენ ამას. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვებრძვის დღეს, იმიტომ, რომ ჩვენ, რეალურად, კოალიციის შექმნით, მოვიყვანეთ, ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან ხელისუფლებაში. 20 წელია ქვეყანას მართავს ორი პარტია, ჩვენი მოქალაქეებისა და ამომრჩევლების დაკვეთა იყო, რომ შექმნილიყო ისეთი გაერთიანება, რომელშიც ის ადამიანები იქნებოდნენ, რომლებსაც არცერთი და არც მეორე, ეს 20-წლიანი პოლიტიკური კურსი და კლასი აღარ მოწონდათ, რომ მათთვის შეგვეთავაზებინა, რეალური, ალტერნატივა. რეალური ალტერნატივა შევთავაზეთ სუფთა ადამიანებითა და ხელებით, კონკრეტული, გეგმით, ილიას გზით. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებით, რომლებიც არასდროს არ ყოფილან ხელისუფლებაში, ეს არის პროფესიონალთა გუნდი, ეს იქნება მძლავრი შედეგი, – განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ არჩევნების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი გამარჯვების პროცენტს აუცილებლად აიღებენ.
“რამდენ პროცენტს ავიღებთ? ავიღებთ გამარჯვების პროცენტს, გარანტირებულად გეუბნებით, მაგრამ, კვლავ აღვნიშნავ, რომ ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი და ამაზე პასუხი, ზუსტად, 2 დღეში გვეცოდინება”, -დასძინა მან.