ხუთი ადამიანია ეჭვმიტანილი რუსი ბიზნესმენის, არტიომ უსის იტალიიდან რუსეთში გაქცევის ორგანიზებაში

ხუთი ადამიანია ეჭვმიტანილი რუსი ბიზნესმენის, არტიომ უსის იტალიიდან რუსეთში გაქცევის ორგანიზებაში. კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის ვაჟი შინაპატიმრობაში ელოდებოდა შეერთებული შტატებისთვის მისი გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას. აშშ-ში მას ბრალად ედება რუსეთისა და ვენესუელის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ფულის გათეთრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ANSA იტყობინება, იტალიის გამოძიებამ გამოწერა ბოსნიელების, ვლადიმირ და ბორის იოვანჩიჩების, სლოვენიელი მატეი იანეზიჩისა და სერბი ნებოიშა ილიჩის დაპატიმრების ორდერები.
ხორვატიაში დაკავებულ ვლადიმირ იოვანჩიჩს წაუყენეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლისა და გაქცევაში დახმარების ბრალდება. მისი ექსტრადიცია ითხოვა აშშ-მა, იტყობინება რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური.
ხორვატიის ხელისუფლებისთვის ბრუკლინის საოლქო პროკურატურის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ამერიკელი გამომძიებლების აზრით, იოვანჩიჩი შესაძლოა მიიმალოს ერთ-ერთ იმ ქვეყანაში, რომელიც ვაშინგტონთან არ თანამშრომლობს ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის სფეროში.
ბრალდების ვერსიით, იოვანჩიჩმა არტიომ უსისა და მისი მეუღლისგან, მარიასგან, 50 ათასი ევრო მიიღო იტალიიდან სლოვენიის გავლით სერბეთში გადაყვანისთვის. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან უსი გაფრინდა მოსკოვში, სადაც, საკუთარი განცხადებით, ამჟამად იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო