კახა ურიადმყოფელი: თუ ჩვენ ვერ შევძელით ცვლილება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც …

“რატომ არის 26 ოქტომბრის ასე მნიშვნელოვანი?
ეს არ არის უბრალოდ 4-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების დაგეგმარება. ეს არის მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ბედის გადამწყვეტი არჩევნები.
ამ არჩევნებით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოვიმუშავოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – ცვლილებების გენეტიკა.
სწორედ იმ სახელმწიფოებში ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერად ადამიანები, სადაც ხელისუფლებები მუდმივად იცვლებიან. და არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლება არ იცვლებოდეს და იქ მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება ჰქონდეს ხალხს.
თუ ჩვენ ვერ შევძელით ცვლილება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც კანონით აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და გააქრობს სამოქალაქო საზოგადოებას.
თუ ჩვენ ვერ შევძელით ცვლილება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება არანაირი რიდი ცივილიზებული სამყაროს მიმართ.
თუ ჩვენ ვერ შევძელით ცვლილება, ქართული ოცნება სრულიად მარტო დარჩება ხელისუფლების სადავეებთან – ყოველგვარი შიდა თუ გარე კონტროლის გარეშე. უკონტროლო ხელისუფლებაზე უფრო საშიში კი კაცობრიობას ჯერ არაფერი მოუგონია.
თუ ჩვენ ვერ შევძელით ცვლილება, დაიწყება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მასიური დევნა. ბევრი ამას ვერ გაუძლებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან სრულად დაიცლება ქვეყანა. დარჩება მხოლოდ მდიდარი ხელისუფლება და გაღატაკებული მოსახლეობა.
თუ ჩვენ ვერ შევძელით ცვლილება, შემდეგი არჩევნები უბრალოდ აღარ იარსებებს და სავარაუდოდ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ცოცხალი ვართ, ვეღარასდროს მოვესწრებით ცვლილებებს.
თუ ჩვენ ვერ შევძელით ცვლილება, თითქმის მთელი ეს საუკუნე საქართველო იქნება ივანიშვილების ოჯახის საკუთრება, ზუსტად ისე, როგორც აზერბაიჯანია ალიევების, თურქმენეთი – ბერდიმუჰამედოვების, ყაზახეთი – ნაზარბაევების, სირია – ალ-ასადების, ჩრდილოეთ კორეა – კიმების…
სწორედ ამიტომ,
26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ცვლილებას.
არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მეორე შანსი უბრალოდ აღარ გვექნება,” – წერს სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი.

ასევე დაგაინტერესებთ