რამინ სირაძე აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს სპეცრაზმელთა მიერ აქციის მონაწილეების ცემაზე დაფიქსირებული პოზიციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ის შსს-ის გენერალურ ინსპექციაში მუშაობდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მან და მისმა თანამშრომელმა ღიად გამოთქვეს აზრი ხალხის ცემაზე, დაიბარეს და სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
„ძალიან დავიღალე დღევანდელი რეალობით! დავიწყებ იმით, რომ მიშას წინააღმდეგ ყველა აქციაზე ვარ ნამყოფი 2007 წლიდან. ანუ ამით მინდა დავაფიქსირო, რომ არ ვყოფილვარ ნაციონალების მომხრე. მიუხედავად იმისა რომ 2011 წელს მე გავხდი პოლიციელი და 1 წელი მომიწია ნაცების დროს მუშაობა (საერთოდ არ ვიყავი არაფერში გარეული), ქოცების მოსვლის შემდგომ მათგან მივიღე სერიოზული თანამდებობრივი დაქვეითება, თუმცა გავაგრძელე მუშაობა და მივაღწიე ვიცე-პოლკოვნიკობას და ბოლო 8 წელი ვიმუშავე შსს გენერალურ ინსპექციაში. (ყველაზე მნიშვნელოვანი დეპარტამენტი რომელზეც უნდა იდგეს პოლიცია), ბევრი კარგი საქმე გამიკეთებია, მქონდა ჯილდოს სახით 2 ვადამდელი წოდება, 4 მადლობის სიგელი მინისტრისგან და არაერთი ფულადი პრემია, (ცუდი თანამშრომელი, რომ ვყოფილიყავი ალბათ ამ ჯილდოებს ვერ მივიღებდი). მყავდა სამსახურებრივი ავტომანქანა, ბენზინი, ასე თუ ისე ნორმალური ხელფასი და სხვა პრივილეგიები.
თუმცა რუსული კანონის მიღების პერიოდში არსებულ საპროტესტო გამოსვლებზე როდესაც ვუყურებდი ხალხს როგორ უსწორდებოდნენ, მე და ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა დაახლოებით 60-65 წლის კაცი პირველ სკოლასთან ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს. ასეთ შემთხვევებზე ღიად ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, რომ ხალხის ცემა ასეთი სისასტიკით არანაირ საზღვრებში არ ჯდებოდა. სწორედ ამის გამო დამიბარეს მე და კიდევ ჩემი ერთი თანამშრომელი (ვინაობას არ დავასახელებ) გვითხრეს რომ პოლიციელებს ვამტყუნებთ და სხვა მხარეს ვდგავართ და უნდა დაგვეწერა პატაკები სამსახურიდან წასვლაზე. თან ყველაზე სასაცილო ის არის რომ ისეთმა კაცმა მითხრა ეს ყოველივე ვისაც ხელები გაცვეთილი ჰქონდა მიშაზე ტაშის კვრით და ხმა ჩახლეჩილი მიშას ძახილით. ამის ვიდეო არსებობს იუთუბზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – წერს რამინ სირაძე Facebook-ზე.
რამინ სირაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ.
„ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაც არ მომწონს, არ ნიშნავს რომ ვიღაცის მომხრე ვარ, რაც არ მომწონდა ნაცების დროს იმასაც ვაფიქსირებდი და რაც ახლა არ მომწონს, იმასაც ვამბობ. ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს დღეს სისტემაში და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ბევრთან მეგობრობა მაკავშირებს და არასდროს ღირსეულ პოლიციელს მე არ გავამტყუნებ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა! მე მშობლებმა ასე გამზარდეს და როდესაც 9 აპრილს დედაჩემი რუსთაველზე იდგა, ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს როგორ ვიჯექი ტელევიზორთან 5 წლის და როგორ ვუყურებდი, რაც იქ ხდებოდა. რუსულ ენას სკოლაში პროტესტის ნიშნად არ ვსწავლობდი!!! (ეგ ცალკე თემაა სწორი იყო თუ არა, ალბათ ჯობდა მაინც მესწავლა) რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი ჩვენი მტერია! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მათ მიერ და გვყავს ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი მათ გამო. უამრავი დაღუპული ადამიანი, უამრავი გმირი. ვენაცვალე მათ ხსოვნას და სულებს! ბოდიშს ვიხდი თუ რამე არასწორად დავწერე და მოგაბეზრეთ თავი. ყველანი არჩევნებზე!!! – წერს რამინ სირაძე Facebook-ზე.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, რატომ გათავისუფლდა რამინ სირაძე თანამდებობიდან. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.