„საქართველოს განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმო აშენდება

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქართული კომპანია „ნოვატეკ ინტერნეიშენალი“ საქართველოში პირველ ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ რადიოფარმაცევტულ საწარმოს ააშენებს, რის შედეგადაც, ადგილზე ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლის საშუალებით, რადიოაქტიური იზოტოპის წარმოება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს განვითარების ფონდი“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება ისეთ უახლეს ტექნოლოგიაში, როგორიცაა პოზიტრონულ-ემისიური (PET-CT) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც, სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან შედარებით, სიმსივნის აღმოჩენა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება.
გარდა ამისა, ის იძლევა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მაღალი სიზუსტით დიფერენცირების საშუალებას; შესაბამისად, უზრუნველჰყოფს მთელი რიგი დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას.
„მოგეხსენებათ, ამჟამად, რადიოაქტიური იზოტოპი ქვეყანაში სრულად იმპორტირებულია. შესაბამისად, მსგავსი წარმოების დაწყება საქართველოში არის უპრცედენტო მოვლენა და უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი მედიცინის სექტორისათვის“,- განაცხადა „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა.
რეფორმირებული „საქართველოს განვითარების ფონდის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მაღალტექნოლოგიური წარმოება წარმოადგენს, მათ შორის, ბიო და სამედიცინო ტექნოლოგიები. ფონდის მიზანია ადგილობრივი წარმოების ზრდამ ეტაპობრივად უზრუნველჰყოს იმპორტის შემცირება და ჩანაცვლება.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 9 მლნ ევროა, საიდანაც „საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობა 1.8 მლნ ევროს შეადგენს. ამჟამად, საწარმოს მშენებლობა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მოთხოვნების, მწარმოებლის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ფუნქციონირებას კი 2026 წლისთვის დაიწყებს. საწარმოო პროცესები, ასევე, სრულიად შესაბამისი იქნება EU GMP (Good Manufacturing Practice) მოთხოვნებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს – ასევე, საქართველოს პრეზიდენტს იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის, დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში