ნინო წილოსანი – მესმის, ძალიან მომგებიანია, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, თუმცა ეს ტაქტიკა არ გამოვა იმიტომ, რომ ყველამ იცის, „ქართული ოცნება“ მოძალადე ძალა არ არის

მესმის, ძალიან მომგებიანია, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, თუმცა ეს ტაქტიკა არ გამოვა იმიტომ, რომ ყველამ იცის, „ქართული ოცნება“ არ არის მოძალადე ძალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გოგიჩაიშვილი თავისივე ტყუილებში და კონსპირაციებში იჭრება.
„იმედი მაქვს, რომ ის ფიზიკურად კარგად, ჯანმრთელად იმყოფება. როგორც ვნახე, ეს დაზიანებები არ იყო მძიმე ხასიათის, თუმცა ასევე ვნახე მისი განცხადება, რომ თურმე, “ქართული ოცნების” მაისურებით, დროშებით იყო ეს ხალხი და ძალიან მიკვირს, თუ კონსპირაციებში გადადის და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ორგანიზებული იყო, ასე ღიად ვინ მივიდოდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ამიტომ თავისივე ტყუილებში და კონსპირაციებში იჭრებიან. მე, რა თქმა უნდა, მესმის, ძალიან მომგებიანია, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი, თუმცა ასევე არ გამოვა ეს ტაქტიკა იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველამ, ჩვენი მომხრეებიანად, ასევე მათი მომხრეების ჩათვლით, ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მოძალადე ძალა“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, პარტიის ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის” წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს 20-მდე პირი დაესხა.
მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურში” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ