“სისტემური კორუფციის ნიშნები” – TI-ს შუალედური ანგარიში წინასაარჩევნო დაფინანსებაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების შესწავლის შედეგად კვლავ გამოიკვეთა ქართული ოცნების მკვეთრი ფინანსური უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით.
TI-ის ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯებიდან – მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი დახარჯა ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად აღებული (53%), რასაც განაპირობებდა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების დიდი რაოდენობა (13.4 მლნ ლარი).
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კვლავ შეშფოთებას იწვევს სისტემური კორუფციის ნიშნები მმართველი პარტიის მიერ შემოწირულებების მოზიდვის პროცესში.
“დონორების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოწირულების პარალელურად მრავალმილიონიან სახელმწიფო კონტრაქტებს და სუბსიდიებს იღებენ. ანტიკორუფციული ბიურო ასეთი შემოწირულებებით არ ინტერესდება, თუმცა ის წინასაარჩევნო პერიოდში ავიწროვებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პირდაპირ ასრულებს პრემიერმინისტრის დავალებებს, რითიც საბოლოოდ ძირს უთხრის მის მიმართ ნდობას”, – წერს TI.
პარტიების შემოსავლები და ხარჯები:
· წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება და შემოწირულება) მიიღო და 25,3 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. ჯამური ხარჯების 53% (13,3 მილიონი ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.
· წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 94% (17,7 მილიონი ლარი) შემოწირულებებზე მოდიოდა, 6% (1 მილიონი ლარი) კი — სახელმწიფო დაფინანსებაზე.
· წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 17,8 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 6 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 34%) „ქართული ოცნებაზე“ მოდიოდა, 5,6 ლარით მეორე ადგილზე პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის”, ხოლო მესამეზე – 5.1 ლარით „ძლიერი საქართველო”.
· განსხვავებული ვითარებაა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების კუთხით, ამ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე მეტი შემოწირულება მიიღო, ვიდრე სხვა დანარჩენმა პარტიებმა ერთად აღებული. ყველა პარტიამ ჯამში 25.3 მლნ ლარი მიიღო, აქედან „ქართული ოცნებას“ 13.4 მლნ ლარი შესწირეს (53%), „ძლიერი საქართველოს“ – 5.4 მლნ ლარი (21%), ხოლო „კოალიციას ცვლილებისთვის“ 5 მლნ ლარი (20%).
· წლის დასაწყისიდან შემომწირველთა 40%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო ხელფასია საქართველოში (17,000 ლარი ხელზე). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 84% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
· წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა რეკლამაზე 17.7 მილიონი ლარი დახარჯეს, რომლის 47% (8.3 მილიონი ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა; შემდეგ ადგილებზე „ძლიერი საქართველო“ (4.5 მილიონი ლარი) და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (4.1 მილიონი ლარი) არიან.