რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომელიც დსთ-ს რიგი ქვეყნების მიმართულებებით სპეციალიზებული ტუროპერატორებისთვის ფინანსურ შეღავათებს ითვალისწინებს. ლაპარაკია სარეზერვო ფონდში მინიმალური შენატანისა და სადაზღვევო გადასახადის შემცირებაზე. როგორც „პარლამენტრსკაია გაზეტა“ იუწყება, დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.
გამოცემის ცნობით, განმარტებით ბარათში ნახსენებია დსთ-ს ქვეყნების შესახებ ფორმულირება. თავად კანონპროექტის ტექსტში წერია, რომ ქვეყნების სიას მთავრობა დაამტკიცებს.
ტურისტული პორტალები TourDom.ru და Profi.Travel-ი ირწმუნებიან, რომ „მეგობრული“ ქვეყნების სია უკვე შეთანხმებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. მასში შედიან ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, საქართველო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები.
Profi.Travel-ის რედაქციამ ადრე გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, სერგეი ნაზაროვის პასუხი, გაგზავნილი ფედერაციის საბჭოს თხოვნაზე, რომელშიც ნათქვამია: „დასახული ამოცანის გათვალისწინებით და ასევე მაღალი ლოგისტიკური და ეკონომიკური კავშირის გამო დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ცვლილებების შეტანას 1996 წლის 24 ნოემბრის 132-FZ ფედერალურ კანონში „რუსეთის ფედერაციაში ტურისტული საქმიანობის საფუძვლების შესახებ“, ფინანსური მხარდაჭერის შემცირების თვალსაზრისით – გამყვანი ტურიზმის სფეროს ტუროპერატორებისთვის, რომლებიც ყიდიან ტურისტულ პროდუქტს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ დსთ-ს ქვეყნებში, აგრეთვე აფხაზეთის რესპუბლიკაში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკაში… ჩვენ მხარს ვუჭერთ ტუროპერატორის ვალდებულების ფინანსური უზრუნველყოფის შემცირებას გამყვანი ტურიზმის სფეროში 50 მილიონი რუბლიდან 500 ათას რუბლამდე“.
კანონი ძალაში, სავარაუდოდ, 2024 წლის 1 აპრილიდან შევა.
2022 წლის მარტში რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია შეადგინა. სიაში არ მოხვდა საქართველო, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან შეერთებაზე.
