„შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდული რიცხვი, 682 739 ადამიანი შეადგინა, რაც მოსახლეობის 18.5 %-ს შეადგენს“ – DRC

დემოკრატიის კვლევის ცენტრი წინასაარჩევნო გარემოს 2024 წლის საპარლამენტო ს ოფიციალურად დანიშვნის დღიდან აკვირდება.
ცენტრის ინფორმაციით, „საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
 „ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო პროცესი წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა. არჩევნების დანიშვნის დღის შემდეგ მიღებული რამდენიმე საკანონმდებლო აქტის შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი მიღების მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება იყო.
 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საარსებო დახმარება დაახლოებით 47 ათასი ადამიანით მეტს მიეცა. 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდული რიცხვი – 682,739 ადამიანი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის ასევე რეკორდულ – 18.5 %-ს შეადგენს.
 2024 წელს საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა შტატების რაოდენობის და სახელფასო ფონდის საგრძნობი ერთჯერადი ზრდა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება შეფასდეს. არსებული მონაცემებით, 2024 წელს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატებში 8.2%-ით გაიზარდა ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა. შესაბამისად, საკრებულოების აპარატებში შტატებისა და ხელფასების საერთო მატების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა) მთლიანი სახელფასო ფონდი 16.5%-ით გაიზარდა.
 2024 წელს თბილისის საკრებულოს აპარატს, მიუხედავად შტატების რაოდენობის შემცირებისა, სახელფასო ფონდი თითქმის 10%-ით გაეზარდა.
 წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყების შემდეგ, საპატრიარქოს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით ერთ ლარად გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები.
 2024 წლის აგვისტოდან განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების/პროგრამების ინიციირება/განხორციელებამ, რაც, კანონმდებლობის ცალსახა დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.
 საანგარიშო პერიოდში ინიციირებული პროგრამები/ინიციატივები ძირითადად მიმართულია ახალგაზრდებზე. ხშირად, პროგრამების/ინიციატივების ნაწილი ფინანსური სარგებლის მიღებას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
 წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით რვა მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტში წლების განმავლობაში მორჩენილი თანხები გადაეცა.
 საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს დაემთხვა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სახელისუფლებო პარტიასთან გაიგივება, შლის ზღვარს სახელმწიფოს და პოლიტიკურ პარტიას შორის და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა საარჩევნო სუბიექტებს.
 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. ანგარიშში ძალადობის მხოლოდ 9 შემთხვევაა განხილული, რომელთა გადამოწმება დემოკრატიის კვლევის ცენტრმა დამატებით რამდენიმე წყაროსთან შეძლო.
 საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. მსგავსი მეთოდების გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამომრჩევლებში შიშის დანერგვის მცდელობას, რომ არჩევნების დღეს მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, არჩევნების დღეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას.
 საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს.
 აგვისტოში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს სკოლის დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები. ანგარიშში განხილულია მხოლოდ ის შემთხვევები, რომელიც ორგანიზაციამ რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა.
 წინა წლების მსგავსად, მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც აქტიურად იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულებების ადამიანურ რესურსს. პარტიულ ღონისძიებებზე, ხელმძღვანელთა დავალებით არაერთხელ წაიყვანეს სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა სამუშაო საათებში სკოლის პედაგოგების პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობის ფაქტებს, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.
 საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის დელეგატები მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული შლის ზღვარს სახელმწიფოსა და სახელისუფლებო პარტიას შორის და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს“, – ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.