„სუბსიდირება მანკიერ ტრადიციად იქცა. არასტანდარტული მანდარინის საკონსერვო გადამუშავების სუბსიდირებას არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს“ – „აგროინვესტსერვისი“

„სუბსიდირება მანკიერ ტრადიციად იქცა. არასტანდარტული მანდარინის საკონსერვო გადამუშავების სუბსიდირებას არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს“ – „აგროინვესტსერვისი“
ქართულ რეალობაში მოსავლის სუბსიდირება ერთგვარ ტრადიციად იქცა, გამონაკლისი არც ნარინჯისფერი რთველია.
მანდარინის კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა შარშან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მეციტრუსეების გული მოიგო და არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება გააორმაგა.
ფაროსანასგან გამოწვეული ზარალისა და შესაძლო ლოგისტიკური ხარვეზების გათვალისწინებით, სუბსიდირების მოლოდინი წელსაც დიდია.
„აგროინვესტსერვისში“ ამბობენ, რომ სუბსიდირებას არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს.
„ბაზრის სუბსიდირება არც რიჟვაძეს და არც ამ ხელისუფლებას არ დაუწყია. ეს პირველად 2008 წელს მოხდა, როცა აჭარა-გურიის რაიონში სეტყვა იყო და ციტრუსოვანი ნაყოფის 90% განადგურდა.
იმ წელს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკონსერვო ნაწარმი დასუბსიდირებულიყო. ასევე, ექსპორტის სუბსიდირებაც მოხდა, რათა მეტ-ნაკლებად ფერმერს რეალიზაცია შესძლებოდა. ანუ, მაშინ კომპლექსურად მოხდა სუბსიდირება. მას შემდეგ, სუბსიდირება მანკიერ ტრადიციად იქცა და ხდება მხოლოდ არასტანდარტული მანდარინის საკონსერვო გადამუშავების სუბსიდირება, რომელსაც არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს, არც ფერმერებისთვის და არც გრძელვადიანი გათვლებისთვის.
სუბსიდირება არის რაღაც ერთჯერადი პრევენცია. ხომ არ შეიძლება 15-20 წელიწადი გრძელდებოდეს რაღაცის სუბსიდირება? ეს აბსურდია“, – ამბობს „აგროინვესტსერვისის“ დირექტორი, ვაჟა მკურნალიძე.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სუბსიდირების პროცედურა რეალურად საკონსერვო საწარმოებისთვისაა მომგებიანი და უბრალო ფერმერები მისგან ნაკლებ სარგებელს იღებენ.
„ცნობისთვის, არასტანდარტულ მანდარინში ითვლება ყველა ის მანდარინი, რომელიც არ არის განსაზღვრული ბაზარზე სრულად რეალიზაციისთვის. მართალია, სუბსიდირების თანხა გაიზარდა, მაგრამ ყოველწლიურად სუბსიდირების მოცულობის ზრდასთან ერთად მცირდება მიმღები საწარმოს კონტრიბუციის წილი. ადრე იყო 50%-ს იხდიდა სახელმწიფო სუბსიდირების სახით და დანარჩენს იხდიდა არასტანდარტული მანდარინის მიმღები საწარმო. ახლა 1/3-ს იხდიან ეს კომპანიები. ეს სუბსიდირება არის არა ფერმერებისთვის, არამედ უფრო საკონსერვო საწარმოების სუბსიდირება, რომ მას გაუიაფდეს ნედლეული კონცენტრატის წარმოების პროცესში.
ხომ შეიძლება, სახელმწიფო თანხას ხარჯავდეს იმაში რომ აგროტექნიკური სასწავლებლები გახსნას, ბაღების განახლება მოხდეს და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს? მაშინ ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ სუბსიდირებით არასტანდარტული ციტრუსის რაოდენობას როგორ შევამცირებთ? ხომ არ შეიძლება, ყოველთვე ზარდო სუბსიდირება იმ იმედით, რომ ფერმერმა უფრო მეტი არასტანდარტული ციტრუსი მიიღოს?“- ამბობს რესპონდენტი.
„აგროინვესტსერვისის“ დირექტორის აზრით, რეალური პრობლემა ისაა, რომ გასული საუკუნის შემდეგ საქართველოში აგროკულტურის მოდერნიზაცია არ მომხდარა. შესაბამისად, უმჯობესია, თანხები ამ კუთხით დაიხარჯოს და არა მხოლოდ სუბსიდირებაზე.
„ჩვენთან უმეტესი ნაწილი ბაღების არის სსრკ-ა დროინდელი, მას შემდეგ ჯიშგანახლება არ მომხდარა, შესაბამისად ამორტიზებულია. არ ხდება სწორი აგროტექნიკური ღონისძიება, ასევე მცენარეების სწორად ფორმირება, გასხვლა და ასე შემდეგ. სწორედ ამის გამოა წარმოებულ პროდუქციაში მაღალი არასტანდარტული პროდუქციის წილი.
თუ ფერმერი აწარმოებს 10 ტონას, იქიდან 1 ტონაზე მეტი არ უნდა იყოს არასტანდარტული, ახლა პირიქითაა- 40%-ზე მეტი არასტანდარტული მოსავალია.
ზოგადად, ამ სუბსიდირებული 30 თეთრიდან ფერმერთან მაქსიმუმ 5 თეთრი მიდიოდეს. მაგალითად, გურიაში ფერმერმა 10 ტონა მოსავლიდან 3 ტონა არასტანდარტული მანდარინი რომ აწარმოოს, იმან ეს 3 ტონა ქობულეთში უნდა ჩაიტანოს, მანქანა სჭირდება, ეს ხარჯია. მინიმუმ 3-4 დღე რიგში მოუწევთ ყოფნა, ესეც ხარჯია. უზარმაზარი რიგებია, ხანდახან 1 კვირაც უწევთ დგომა.
ეს სუბსიდირებით მიღებული 900 ლარი ამ ლოგისტიკაში და ლოდინში ეხარჯება, ამიტომ ფერმერების უმეტესობას არ უღირს თავად რომ ჩაიტანოს და ე.წ შემგროვებლები დადიან, რომლებიც ადგილზე ფერმერს უხდიან 5 თეთრს, მაქსიმუმ 10 თეთრს და თავად უზრუნველყოფენ ამის მიწოდებას საწარმოზე“,- აღნიშნა ვაჟა მკურნალიძემ.
ქრისტინა კვაჭანტირაძე