ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიაში გამოქვეყნებული ცნობის საფუძველზე წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლა დაიწყო. სამსახური „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე მიუთითებს.
„ქართული ოცნება“ თავის პარტიულ ოფისებში „წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს“, – დაწერა 15 ოქტომბერს „ბათუმელებმა“, „ინფორმირებული პირის“ მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მმართველ პარტიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყებები, მათ შორის იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროები აწვდიან.
სტატიაში აღწერილი სქემის თანახმად, პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება ამა თუ იმ პირის მიერ განვლილი გზა და საჭიროებები. მაგალითად: არის თუ არა ის დასაქმებული, არის თუ არა შემწეობის, სუბსიდიის ან რაიმე სახის კომპენსაციის ბენეფიციარი, ყოფილა თუ არა ოდესმე პატიმარი ან პრობაციონერი, არის თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი. „ბათუმელები“ წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ დათვლილი აქვს სხვადასხვა კატეგორიაში გაერთიანებული ადამიანების რიცხვი და დაკონკრეტებული აქვს მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.
„ბათუმელების“ თანახმად, ცხრილებშია „გავლენის მქონე პირის“ სვეტიც და ერთ ამომრჩეველზე, რიგ შემთხვევებში, მიწერილია რამდენიმე “გავლენის მქონე პირი”, რომლებსაც, როგორც ჩანს, არამომხრე ან გადაუწყვეტელ ამომრჩევლებთან მუშაობა ევალებათ. ასეთ პირებად განიხილებიან როგორც ადამიანები, ასევე სახელმწიფო უწყებები, კომპანიები, აგიტატორები.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმიანება სხვადასხვა წყაროს მეშვეობით გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევის ფაქტებს.
სამსახური აღნიშნავს, რომ პირადობის მოწმობის ჩამორთმევის საკითხზე რეაგირება მათ კომპეტენციას სცდება.
„აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს გააჩნია საზედამხედველო ფუნქცია – გააკონტროლოს საქართველოში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესრულება, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულის შემცველ ქმედებებს შეისწავლიან და რეაგირებას ახდენენ სამართალდამცავი ორგანოები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევა სავარაუდოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას წარმოადგენს, მასზე რეაგირება სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციას განეკუთვნება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
18 ოქტომბერს ომბუდსმენმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე“; ხოლო ცხელ ხაზზე [1481] დარეკვისკენ მოუწოდებს დაზარალებულ მოქალაქეებს, „რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა“.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებზე. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება