შალვა პაპუაშვილი – დღეს სახლში დარჩენის დრო და ფუფუნება არავის აქვს – უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს მარიონეტულ რეჟიმის ჩამოყალიბებას – დღეს ვაჩვენოთ სად დგას საქართველო

26 ოქტომბერს ვემზადებით გამარჯვებისთვის. ეს უნდა იყოს ისტორიული გამარჯვება იმ სიბნელეზე, რომელიც მეორე მხარეს არის – დღეს სახლში დარჩენის დრო და ფუფუნება არავის აქვს – უნდა გამოვიდეთ და ვუთხრათ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს მარიონეტულ რეჟიმის ჩამოყალიბებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს „ვაჩვენოთ სად დგას საქართველო, სად არის ჩვენი ღირებულებები და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს“.
„26 ოქტომბერს ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, რომელიც უნდა იყოს ისტორიული გამარჯვება იმ სიბნელეზე, რომელიც მეორე მხარეს არის. ბოლო დღეებში, განსაკუთრებით ვაკვირდებით ვისთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ხალხთან, რომელიც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ავიწროებდნენ სხვებს. ყველას, ვინც მათ არ ეთანხმებათ, რიყავდნენ, ციხეში სვამდნენ, აწამებდნენ. დღეს ისინი ოპოზიციაში არიან, არ შეუძლიათ ძალაუფლების ბერკეტების გამოყენება, მაგრამ თავისი სიტყვით შეუძლიათ ადამიანი გაანადგურონ იმის გამო, რომ უბრალოდ, მათ არ ეთანხმება. ასეთ იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე და სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ლიდერებს არ ეხებათ.
სოციალურ ქსელში ვაკვირდებით, რამხელა ზიზღით არის გაბერილი მათი მომხრეთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც შესაძლებლობა რომ მისცე, ალბათ, ადამიანებს ქვეყნიდან წიხლით გააგდებენ, თუ კი უარესს არ გაუკეთებენ. ვნახეთ, ეს მათ როგორ შეუძლიათ. 2012 წლამდე როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ ქვეყნიდანაც აძევებდნენ ხალხს, ციხეებში სვამდნენ, აწამებდნენ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ხალხი დღეს ფერად-ფერადად გვევლინებიან, ის ადამიანები იყვნენ, ვინც ციხეში წამების სისტემა შექმნა.
ამიტომ, 26 ოქტომბერს ამას ქართველმა ხალხმა დამაჯერებელი პასუხი უნდა უთხრას. უნდა უთხრას, რომ ეს ბოღმა, ღვარძლი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ამ იდეოლოგიის მიმდევარმა ხალხმა დაამკვიდრა, ამას საქართველოში გასაქანი არ აქვს, რომ საქართველოსთვის უცხოა. ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც კავშირი არ აქვს ქართულ ღირებულებებთან.
რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, დღეს სახლში დარჩენის დრო და ფუფუნება არავის აქვს, დღეს უნდა გამოვიდეთ ყველა და ვაჩვენოთ სად დგას საქართველო, სად არის ჩვენი ღირებულებები და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს. შეუძლებელია, როდესაც მეორე მხარეს დგას ის ხალხი, რომელიც აგინებს ეკლესიას, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიას, რომელიც ამბობს, რომ მარიონეტული ხელისუფლება უნდა გვყავდეს და დიახ, ვიღაც უცხოელმა ბიუროკრატმა, ელჩმა თუ პრესმდივანმა უნდა მართოს საქართველო. ასეთ არჩევანს აყენებენ ისინი საკუთარი თანამოაზრეებისთვის. ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ვუთხრათ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს მარიონეტულ რეჟიმის ჩამოყალიბებას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ