რუსეთიდან „იაფი“ საწვავი გაუტოლდა ევროპულ ფასებს, თუმცა მაინც ცოტათი შეღავათიანი გამოდის ტრანსპორტირების გამო – ვახტანგ იობაშვილი

არჩევნების წინ საწვავის ბაზარზე სტაბილურობაა. როგორც საგარეო ფაქტორი, ასევე ქვეყნის შიგნით ლარის კურსი ფასებზე ადეკვატურად აისახება და იმპორტის მხრივაც არანაირი შეფერხება არ არის. როგორც ბოლოდროინდელი საფასო დინამიკა აჩვენებს, ფასები კლებისკენ წამოვიდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, ფასებზე სავალუტო ბაზარზე შექმნილი ვითარება მოქმედებს, რასაც მოუსწრო საერთაშორისო სანავთობო ბაზარზე საფასო ცვლილებამ კლებისკენ და გაძვირების დინამიკა შეაჩერა.
,,გლობალურ ბაზრებზე ფასებმა დაიწყო კლება, ამას მოუსწრო და ჩვენს ბაზარს ძალიან შველის ლარის სტაბილურობა, რის გამოც ტენდენცია დადებითია. გვახსოვს, რომ ნეგატიური პროცესები ლართან დაკავშირებით საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გრძელდებოდა და ამან გარკვეული არასტაბილური ვითარება შექმნა.
რაც მთავარია, დღესდღეობით ბაზარი დივერსიფიცირებულია, არ ვართ ცუდ სიტუაციაში თუ გავითავისებთ, რომ ყველაფერს ვყიდულობთ და იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას წარმოვადგენთ.
აღსანიშნავია, რომ თხევად აირთან დაკავშირებითაც დადებითი დინამიკაა, 2 ლართან იყო ფასი მიახლოებული, ახლა 1,30-ის დონეზეა. ამასთან, სტაბილურობაა სხვა ნავთობპროდუქტებთან მიმართებაშიც, როგორიცაა საგზაო ბიტუმი, საავიაციო ნავთი, საავტომობილო დიზელი და სხვა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე შენარჩუნდება დღევანდელი მდგომარეობა, ანუ არსებული ფასები, რაც მომხმარებლისთვის საკმაო შეღავათი იქნება”, – აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
საწვავის ბაზარზე სტაბილურობა განსაკუთრებით გამოიკვეთება მაშინ, როდესაც ბაქოდან ევრო5-ის შესაბამისი სტანდარტის ბენზინის შემოტანა დაიწყება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ სწორე ამაზე გაამახვილა ყურადღება.
,,ნავთობპროდუქტის ბაზარზე ძალიან კარგი პერსპექტივა. განსაკუთრებით ის გარემოება, რომ აზერბაიჯანიდან ველოდებით ბენზინის იმპორტის დაწყებას. ტექნიკური საკითხებია და როგორც კი მოგვარდება და დასრულდება ქარხნების გადაიარაღება, იმპორტს წინ არაფერი უდგას. ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი აზერბაიჯანიდან ისედაც მოდის.
აზერბაიჯანული მედიასაშუალებები აქტიურად წერენ, რომ ქვეყანა საქართველოში ბენზინის ექსპორტს გეგმავენ. ცხადია, ესეც იქნება ევრო5-ის სტანდარტის საწვავი, რაც ქართული ბაზრისთვის სტაბილურობის ერთ-ერთ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. გარკვეულწილად, ეს აისახება ფასზეც, ვინაიდან აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი გაცილებით შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ტრანსპორტირტების ხარჯი იქნება გაცილებით მცირე, რაც ზღვიდან გადმოზიდვას ანდა დან თუ ბელორუსიდან ჩამოტანა ჯდება. 500 კილომეტრია ბაქოდან თბილისამდე და საგზაო დანახარჯი, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება”, – დასძინა იობაშვილმა.
ამ ეტაპზე საწვავის ბაზარი, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკმაოდ დივერსიფიცირებული და რამდენიმე მომწოდებელი ქვეყანაა, რომლოებიც საქართველოს საწვავით ამარაგებენ. მათ შორის, რუსეთი, საიდანაც შედარებით ,,იაფი” საწვავის იმპორტი ხორციელდება.
,,ქართული ბაზარი, ძირითადად, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ბელორუსიდან, აზერბაიჯანიდან (დიზელი) და რუსეთიდან მარაგდება. ბენზინის მიღებაც შეიძლება დავიწყოთ რუსეთიდან, რაც საქმეს თუ გამოადგება, თორემ ხელს არ შეუშლის. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ,,იაფი” საწვავი გაუტოლდა ევროპულ ფასებს, თუმცა მაინც ცოტათი შეღავათიანი გამოდის ტრანსპორტირების გამო. რკინიგზით შემოტანილი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ზღვიდან იმპორტის შემთხვევაშია. საერთო ჯამში, რაც მეტი მომწოდებელი გვეყოლება, უფრო დაბალანსებული იქნება ბაზარი.
საგზაო ბიტუმის ყველაზე დიდი მომწოდებელია ერაყი, ასევე აზერბაიჯანიდან შემოდის. ზოგადად სექტემბრის შემდეგ საგზაო ბიტუმის იმპორტი იკლებს, რადგან გზების მშენებლობის მასშტაბი მცირდება, სეზონური ფაქტორია და გაზაფხულიდან ჩვეული ტემპით გაგრძელდება.
როცა პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, რომ ლარის კურსის გარდა, სტაბილურობას ქმნის გეოპოლიტიკური ვითარება. ახლა კი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობაა. ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება და საომარი სიტუაცია შეიქმნას, რამაც შეიძლება მსოფლიო სანავთობო პოლიტიკაზე იმოქმედოს”, – განუცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს”.
ვრცლად: www.resonancedaily.com