საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში კოალიციურ მმართველობაზე ისაუბრა და თქვა, რომ კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა ქვეყნისთვის იქნება “უდიდესი წინსვლა, რადგან დავემშვიდობებით ერთპარტიულ მმართველობას, რომელშიც პრაქტიკულად, 30 წელზე მეტია ქვეყანა ჩაძირული”.
“გადავდივართ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როცა უნდა ვისწავლოთ რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. კოალიციური იქნება თუ ტექნიკური მთავრობა, მთავარია, რომ იქნება კოალიციური მმართველობა. გვყავს ოთხი პროდასავლური პარტია, საზოგადოება მათ მისცემს ხმა და მათ უნდა მოახერხონ, რომ მართონ ქვეყანა. ეს იქნება უდიდესი წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან დავემშვიდობებით ერთპარტიულ მმართველობას, რომელშიც, პრაქტიკულად, 30 წელზე მეტია ჩაძირული ვართ. […] ვემშვიდობებით იმას, რაც არის ანტიდემოკრატიული წყობა და გადავდივართ კოალიციურ მმართველობაზე, რაც არის რთული – მოითხოვს კომპრომისებს, მოითხოვს ერთმანეთის გაგებას, საუბარს, დიალოგს, ევროპულ პოლიტიკას. […]
ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, ჩათვალეთ, გაქვთ არჩევანი, 4 პარტია, შეიძლება, არც ერთი არ იყოს თქვენთვის იდეალური, მაგრამ ჯამში, ესენი არიან ჩვენი მომავალი, ჩვენ მერე ვნახავთ ამის გარდაქმნას, მერე ვნახავთ ახალ პარტიებს, რომლებიც როცა შიში და ერთპარტიულობა მოიხსნება, მაგალითად, ერთპარტიული კონტროლი ცესკო-ზე, ბევრად უფრო ღია და გაშლილი იქნება საარჩევნო სივრცე. ამიტომ, ნუ გეშინიათ, ხმა მიეცით იმას, რომელიც თქვენი გემოვნებით უფრო ახლოვდება თქვენს მსოფლმხედველობას, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემს წინაშე არიან ვალდებული და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ ქართული ქარტია, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში და მე მათ, ყველას, ამაზე პასუხს მოვთხოვ.
თუ ვინმე არსებობს ამის იქით, რომელიც მე მენდობა და ენდობა იმას, რომ მე მაქვს ის გარანტიები მიღებული ჩვენი პარტნიორებისგან, აირჩიეთ რომელიმე, იმიტომ რომ ესენი არიან მედიატორები იმისთვის, რომ ჯამში მივიღოთ ის პროცენტები, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, რომ მარტივად იქნას მიღებული გადაწყვეტილებები, რაც გვიწერია. მარტივად გავაუქმოთ რუსული კანონები, არაერთია გასაუქმებელი და ეს იქნება ძალიან სწრაფად გასაუქმებელი. ასე რომ, გადანაწილდით, როგორც გირჩევნიათ, ნუ გეშინიათ და ქარტიის ხმები მეც მომეცით, ამ ფორმით”, – თქვა პრეზიდენტმა.