ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ “საქართველოს სათბურის კორპორაციამ” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან 1.8 მილიონი ლარით, 14.2 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუმცა, სხვა შემოსავლების 2.3 მილიონ ლარამდე ზრდის გათვალისწინებით გაუმჯობესდა კომპანიის წმინდა მოგება და მან 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით კომპანიამ გასულ წელს 7.9 მილიონი ლარის ღირებულების კიტრის და 6 მილიონი ლარის ღირებულების პომიდვრის რეალიზება მოახდინა.
“კომპანიას აქვს 8-წლიანი გამოცდილება და წარმოადგენს წამყვან კომპანიას სოფლის მეურნეობის სექტორში. კომპანია აწარმოებს და ყიდის პრემიუმ და მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, პომიდორსა და კიტრს. კომპანია ფლობს და ამუშავებს თანამედროვე, მაღალინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო სათბურის ობიექტს 12 ჰა-ზე (სასათბურე მეურნეობა), რომელიც აღჭურვილია მცენარეების ზრდის ხელოვნური განათებით, ყოველწლიურად 7,100 ტონაზე მეტი პროდუქტის მოყვანის შესაძლებლობით,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
კომპანია ბაზარზე “პლანტას” ბრენდით ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ ყველაზე მეტი ხარჯი კომუნალურ გადასახადებზე გასწია, რაც 5.4 მილიონ ლარს შეადგენდა, თანამშრომელთა ხელფასები 4.6 მილიონ ლარს შეადგენდა, მოსავლის მოყვანისთვის საჭირო თესლის და სხვა სახარჯი მასალების შესყიდვა კომპანიას გასულ წელს 2.5 მილიონი ლარი დაუჯდა. ცვეთის ხარჯებმა კი 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, “საქართველოს სათბურის კორპორაციის” აქტივები 25 მილიონი ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 4.4 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი 52 მილიონი ლარის ოდენობით.
“2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 98.67% (2022: 98.67%) ეკუთვნოდა შპს “გრინჰაუზ ჰოლდინგს” და მისი მშობელი კომპანიაა GCF LP (რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე), რომელსაც აკონტროლებს ფიზიკური პირი, ეკატერინე ხვედელიძე,”- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.