CIU-ს პროფესორმა ბექა ქანთარიამ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ეგიდით ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ბექა ქანთარიამ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეტის ეგიდით ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2024 წლის 14 ოქტომბერს სან-მარინოს რესპუბლიკაში ევროპის საბჭოს „ვენეციის კომისიის“ თაოსნობით სან-მარინოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „კონსტიტუციონალიზმის ასპექტები ევროპის მომცრო სახელმწიფოებში“ („small-sized States“).
მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების მესვეურები ევროპის ქვეყნებიდან, ვენეციის კომისიის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოთა თავმჯდომარეები, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციაში აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის რეკომენდაციით, მის მაგივრად მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბექა ქანთარია. მივლინება განხორციელდა ვენეციის კომისიისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.
„კონფერენციის ფარგლებში სამი პანელი დაეთმო ევროპის მომცრო სახელმწიფოების სახელისუფლო ინსტიტუციების ფუნქციონირების ასპექტებს, ხელისუფლების დანაწილებას, ევროპული სტანდარტების დანერგვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის და საარჩევნო სისტემებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე იმყოფებიან მომცრო სახელმწიფოები კონსტიტუციონალიზმის მრავალფეროვან ასპექტში.
კონფერენციის გახსნის ცერემონიალს გაუძღვნენ: ლუკა ბეკარი (სან-მარინოს საგარეო საქმეთა, პოლიტიკური და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრი), სტეფანო კანტი (იუსტიციის მინისტრი), ჯანი ბუკიკიო (ვენეციის კომისიის სპეციალური წარმომადგენელი, ემერიტუს პრეზიდენტი), ჯუზეპე დე ვერგოტინი (ბოლონიის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ელისა ბერტოლინი (ბოკონის (მილანი) უნივერსიტეტის პროფესორი).
კონფერენციაზე ვრცელი მოხსენებებით გამოვიდნენ: სან-მარინოს ეროვნული სასამართლოს პრეზიდენტი და იტალიის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს პირველი ემერიტუსი პრეზიდენტი ჯოვანი კანციო („კონსტიტუციური სისტემები და სამართლის უზენაესობა მომცრო სახელმწიფოებში“); სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი 1) ემერიტუსი პროფესორი და ვენეციის კომისიის წევრი ბერტრან მატიე („კონსტიტუციური სისტემების გამოწვევები მომცრო სახელმწიფოებში (მონაკოს მაგალითზე“); ბარსელონას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი და ვენეციის კომისიის წევრი პერე ვილანოვა ტრიასი („ მომცრო სახელმწიფოებში“ (ანდორას მაგალითზე); ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი ორგანოს – MONEYVAL-ის პრეზიდენტი ნიკოლა მუჩიოლი („ევროპის მომცრო სახელმწიფოები MONEYVAL-ის პერსპექტივიდან“); საერთაშორისო ორგანიზაცია GRECO-ს ბიუროს წევრი პანაიოტა ვატიკალუ („GRECO-ს გამოცდილება ევროპის მომცრო სახელმწიფოებთან მიმართებაში“); ევროპის საბჭოს ევროკომისია მართლმსაჯულების ეფექტიანობისთვის (CEPEJ)-ის პრეზიდენტი ფრანჩესკო დეპასკუალე („ურთიერთთანამშრომლობა CEPEJ-სა და ევროპის მომცრო სახელმწიფოებს შორის“); სან-მარინოს ეროვნული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ვენეციის კომისიის წევრი ფაბიო ჯოვანიოლი („სასამართლო რეფორმები მომცრო სახელმწიფოებში – სან-მარინოს საქმე“); ლიხტენშტეინის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი ჰილმარ ჰოხი („უმაღლესი სასამართლოების როლი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ევროპის მომცრო სახელმწიფოებში -ლიხტენშტეინის მაგალითზე“); წარმომადგენელთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე და ვენეციის კომისიის წევრი მაიკლ ფრენდო („სასამართლო ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვა მომცრო სახელმწიფოებში – მალტას მაგალითზე“).
არც თუ დიდი ხანია ევროპის მომცრო სახელმწიფოების კონსტიტუციური სისტემების უნიკალურმა მახასიათებლებმა საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის თეორეტიკოსებისა თუ პრაქტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მომცრო სახელმწიფოთა გამორჩეულობა და ინდივიდუალობა, დიდი დემოკრატიების კონსტიტუციური სისტემების პარადიგმებისაგან განსხვავებით, საფუძველს ქმნის მათი კონსტიტუციონალიზმის სპეციფიკური ნიუანსების საგანგებო შესწავლისათვის. სწორედ ამ კონტექსტისა და უნიკალური გამოწვევების გაცნობიერების აუცილებლობის შეგნებით ჩატარდა კონფერენცია, რომელიც უთუოდ განავრცობს სამომავლოდ ამ ახალი აქტუალური თემატიკისადმი მეცნიერული და პრაქტიკული ინტერესების გაღვივებას, რაც ესოდენ საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოსათვის.
უნდა ვირწმუნოთ, რომ კონფერენციაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის მონაწილეობა ძლიერ ბიძგს მისცემს ევროპის მომცრო სახელმწიფოების კონსტიტუციური სისტემების უნიკალურ თავისებურებათა მეცნიერულ შესწავლას საქართველოში; იმედისმომცემ პერსპექტივებს წარმოშობს კონსტიტუციონალიზმის უახლესი პრობლემატიკის მიმართულებით სწრაფი განვითარებისათვის ჩვენში.
საზეიმო დახურვის ოფიციალური ცერემონია კონფერენციის მონაწილეთათვის გაიმართა სან-მარინოს სამთავრობო რეზიდენციაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.