საშემოსავლო და მოგების გადასახადების დაწევა და დღგ-ს გაუქმება – რამდენად რეალურია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ დაპირებები

2024 წლის საპარლამენტო წინა წლებთან შედარებით მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. პოლიტიკური პარტიები მხარდამჭერების მოსაზიდად მსუყე დაპირებებს გასცემენ. თითქმის ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამა იწყება სხვადასხვა გადასახადების შემცირების ან სრულად გაუქმების დაპირებებით. ,,კომერსანტი” დაინტერესდა რამდენად რეალისტურია პოლიტიკური პარტიების დაპირებები.
„კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს ერთ-ერთი მთავარი დაპირება ბიზნესის ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით კოალიცია საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე დაწევას, დღგ-ს გაუქმებასა და მოგების გადასახადის 5%-ით შემცირებას გვპირდება. ეს ინიციატივა მცირე ბიზნესს შეეხება, რომელიც ბრუნვით 400 ათას ლარზე ქვევითაა.
ჩვენ ეკონომისტ პაატა შეშელიძე ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია დღგ-ს გაუქმება. ექსპერტი გვპასუხობს, რომ ის დღგ-ს გაუქმებას მიესალმება, თუმცა უნდა იყოს გათვალისწინებული როგორ ისტუმრებს სახელმწიფო ამ დროისთვის არსებულ ფინანსურ ვალდებულებას.
,,ამ წუთის მდგომარეობით, დღგ არის სახელმწიფო შემოსავლების მიღების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. თუ კი ჩვენ ვგეგმავთ დღგ-ს შემცირებას ან გაუქმებას, რასაც მე ზოგადად მივესალმები, უნდა გავითვალისწინოთ რა ვალდებულებები გვრჩება გასასტუმრებელი სახელმწიფოს. ასეთი ტიპის დაპირება უნდა იყოს დაბალანსებული ხარჯების ადეკვატური შემცირებით ან ისეთი რეფორმით, რომელიც ამ ხარჯებს გადაიტანს კერძო სექტორში. მე მხოლოდ ეს პირველი ნაწილი მოვისმინე მათგან, მაგრამ არ მომისმენია იმის დასაბუთება, თუ რა იქნება შემდეგ ვალდებულებების გასტუმრების თვალსაზრისით, რაც აქვს ამ წუთში სახელმწიფოს. თუმცა შინაარსობრივად, ვარ მომხრე რომ მინიმალურად შემცირდეს სახელმწიფო ვალდებულებები და ზედმეტი არასწორი ხარჯიანობა. (ინიციატივა) უფრო ორიენტირებულია პოლიტიკურად ლოიალური მართვის შექმნაზე, ვიდრე ქვეყნის განვითარებაზე.”- აცხადებს პაატა შეშელიძე.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში აცხადებს, რომ დღგ-ს გაუქმება და გადასახადების შემცირებას ბიზნესის მხრიდან თუ შევხედავთ, კარგი ინიციატივაა. რადგან ფინანსური ტვირთის შემცირება უფრო მეტ ადამიანს მისცემს სტიმულს დარჩეს ქვეყანაში და საქმიანობა წამოიწყოს.
,,თუ კი ჩვენ კონკრეტული ბიზნესის პერსპექტივიდან შევხედავთ და დავივიწყებთ იმ საკითხს, თუ საიდან გადაიხდის მთავრობა და ვიტყვით, რომ ეს ჩემი საქმე არ არის და მთავარია მე შემიმცირდეს ტვირთი, ეს არის რა თქმა უნდა კარგი ნაბიჯი და კარგი ინიციატივა. გააჩნია რას აკეთებს ბიზნესი. ზოგიერთ შემთხვევაში არიან მიკრო მეწარმეები, რომლებიც ისედაც გათავისუფლებულები არიან გადასახადისგან, თუ კი ისინი არიან თვითდასაქმებული. ამიტომ, კარგად უნდა შევხედოთ კონკრეტულად ვის ეხება. ეს ეხება ინდივიდებს, თუ კონკრეტულ წარმოებას, სადაც რამდენიმე ადამიანია დასაქმებული. თუმცა სულისკვეთების თვალსაზრისით, ნებისმიერი საუბარი, რომელიც გულისხმობს კომპანიის მოგების ან ინდივიდუალური შემოსავლების დაბეგვრის შემცირებას, რა თქმა უნდა არის გონივრული და სწორი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი ამ ქვეყანაში დარჩნენ, იმუშაონ და რამე შექმნან.”- აცხადებს პაატა შეშელიძე.