ვფიქრობ, ფეხბურთელებს დიდი შეცდომა აქვთ დაშვებული, როდესაც პრორუსული ძალის პოლიტიკურ კლიპში იღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ფეხბურთელებმა იმ პოლიტიკური ჯგუფის კლიპში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფეხბურთელებს, მით უმეტეს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და ვფიქრობ, დიდი შეცდომა აქვთ დაშვებული, როდესაც პრორუსული ძალის პოლიტიკურ კლიპში იღებენ მონაწილეობას. იმ ევროპის ჩემპიონატით არიან ასეთი პოპულარულები საქართველოში, რომლისკენაც გვინდა, მთელი საქართველო წავიყვანოთ. მათ ხომ ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ და ამას ეწინააღმდეგება პოლიტიკური ჯგუფი და მის კლიპში [მიიღეს მონაწილეობა]. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა აქვთ დაშვებული,“ – განაცხადა ვაშაძემ.
ფეხბურთელების მიმართ განხორციელებულ ბულინგზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით ვაშაძე ამბობს, რომ „საზოგადოებას აქვს აზრის გამოხატვის უფლება“.
„გადით და „ქართული ოცნების” ბანერები ნახეთ. რომ გამომკიდეს იმ ბანერებზე, მაგაზე დიდი წნეხი რა შეიძლება იყოს პოლიტიკური ძალების მიერ განხორციელებული? თქვენ ფიქრობთ, ჩემი შვილი რომ დადის და ამ ბანერებს უყურებს ბედნიერია? ამის გამკეთებელმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება რამეზე კითხვა დასვას?“ – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო კლიპში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, საფეხბურთო ნაკრების წევრები: ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი გველესიანი და ლუკა ლოჩოშვილი მონაწილეობენ.