“ჯიპისის” და “ფარმადეპოს” შემოსავალი 2023 წელს ₾824 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს ფარმაცევტული სექტორის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ – “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” ჰოლდინგმა “გეფამ” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 34 მილიონი ლარით 823.7 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, შემოსავლის ზრდის პარალელურად, შემცირდა ჯგუფის წმინდა მოგება და მან გასულ წელს 60 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 23.7 მილიონიან კლებას წარმოადგენს.
კომპანიის მოგების შემცირება დაკავშირებულია რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ზრდასთან, რაც გასულ წელს 21 მილიონი ლარით, 579 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ჯგუფმა გასულ წელს ხელფასების სახით 84.7 მილიონი ლარი გასცა, რაც წლიურად 11%-ით, ანუ 8.6 მილიონი ლარით გაიზარდა.
ჯიპისის და ფარმადეპოს ქსელი საქართველოს მასშტაბით სულ 397 აფთიაქს აერთიანებს (წლიურად აფთიაქებს რაოდენობა 35-ით გაიზარდა), კომპანიის საცალო ქსელიდან თბილისში 230 აფთიაქი, რეგიონებში კი 167 აფთიაქი არის განთავსებული.
“ჯიპისისა” და “ფარმადეპოსთან” ერთად კომპანია ოპერირებს The Body Shop-ის 8 მაღაზიის მეშვეობითაც, რომელთა გაყიდვებმაც გასულ წელს 10.5 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანია წარმომადგენლობას ფლობს სომხეთშიც 15 აფთიაქის და The Body Shop-ის 2 მაღაზიის სახით.
“ქართული ფარმაცევტული ბაზარი მეტწილად დამოკიდებულია იმპორტზე. ადგილობრივად დამზადებული წამლების წილი ბაზარზე 14%-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2000-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 5%-ს შეადგენდა. საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის დაახლოებით 100-მდე იმპორტიორია, თუმცა ჯამური იმპორტის 70% სრულდება შემდეგი სამი კომპანიის მიერ: გეფა (დაახლოებით 25%), პსპ (დაახლოებით 23%) და ავერსი (დაახლოებით 20%). ქვეყნის შიდა პროდუქცია წარმოდგენილია 50 მეტი კომპანიით, თუმცა მთლიანი წარმოების 83% სრულდება ორი კომპანიის მიერ. ფარმაცევტული ბაზრის რეფორმები, როგორებიცაა პარალელური იმპორტი და წამლების ავტომატური რეგისტრაცია საერთაშორისო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ (“ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია“ (“FDA”) და ევროპის წამლების სააგენტო (“EMA”)), 0% დღგ წამლებზე, საბაჟო გადასახადების არარსებობა და ფასების თავისუფლება ქმნის კონკურენტული ბაზრის შექმნის შესაძლებლობას,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
“გეფა” მის ანგარიშში ხაზს ასევე უსვამს მის მიზანს, რომ საქართველოში გენერიკული მედიკამენტების ათვისება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
“გეფას” მთავარი აქციონერია “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”, რომელიც თავის მხრივ ლონდონის ბირჟაზე არსებული ქართული ჰოლდინგის “საქართველოს კაპიტალის” შემადგენლობაში შედის.
“გეფას” აქტივების მოცულობა 2023 წლის მდგომარეობით 597 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 400 მილიონ ლარს შეადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ