„წინა ღამით სოხუმი არ დაუბომბავთ, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვესალმებოდით ერთმანეთს მეზობლის ბავშვები“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი თავისი წიგნიდან „დედა და ილია“ ამონარიდს გვიზიარებს, რომელიც აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას ცხადად გვახსენებს.
„ჭუბერი. გზის ამბავი # 9
მე ვარ ელენე სოსელია, სოხუმიდან. 16 წლის. მეც ჭუბერის უღელტეხილით გადმოვედი „სამშვიდობოს“. ოქტომბრის თვე იყო, თბილოდა და მზიანი დილა იყო სოხუმში, როგორც ყოველ ოქტომბერს. წინა ღამით სოხუმი არ დაუბომბავთ, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვესალმებოდით ერთმანეთს მეზობლის ბავშვები. ბედნიერები იმით, რომ ცოცხლები ვიყავით. ეს ყოველ დილას რიტუალივით იყო გადაქცეული, ჯერ გათენების შიში, მერე გარეთ გასვლის და მერე ყველა მეზობლის ბავშვის დათვლა, თუ იყვნენ ადგილზე, ამას მოსდევდა ჩვენი სიხარული და ზოგჯერ უაზრო და გადამეტებული სიცილ-ხარხარი, ერთმანეთის ნახვისგან გამოწვეული სიხარულით.
ეს დილაც ასეთი იყო, უბანში ვიდექით ბავშვები, როდესაც მამაჩემმა მანქანა ჩვენს ჭიშკართან გააჩერა, მერე მეზობლის კაცებს დაელაპარაკა, მე შემომხედა და ჩაჯექიო მანქანაში, წებელდაში მივდივართო, ფეხზე ჩავიცმევ-თქო, არა, დრო არ არისო, მალე სოხუმს ძალიან დაბომბავენო, მეც ოთახის ჩუსტებით, წითელი ჩუსტებით, ჩავჯექი მანქანაში. დედაჩემიც ჩამოვიდა, ყველანი ასე სხდებოდნენ მანქანებში. ჩვენ ბიძაჩემი, მამიდა, მამიდაშვილები წამოგვეწივნენ და გავემართეთ წებელდისკენ, იმ იმედით, რომ დღეს დაბომბვას თავს შევაფარებდით და ხვალ ისევ სახლებში დავბრუნდებოდით. თურმე წინ ბევრად მძიმე რამ გველოდა, დაღამდა და სოხუმის ცა განათდა, მანათობელ პარაშუტებს ისროდნენ, მტერი გამარჯვებას ზეიმობდა, ხმა დატრიალდა, სოხუმი აფხაზებმა აიღესო და მალე წებელდაშიც შემოვლენო. აბა, სწრაფად გავიქცეთ, სად? არავინ იცის. ტყისკენ, იქეთ სვანეთია, იქამდე არ მოვლენ – მიდიოდა მსჯელობა, მოკლედ, წავედით. მე ჩემი წითელი ჩუსტებით, რა ვიცოდი თუ რა ტალახი, სიცივე და უწყლობა მელოდა. რაღაც უჩვეულო და წარმოუდგენელ გარემოში მოვხვდი, მზიანი, თბილი სანაპიროდან ტალახიან გზაზე. მთელი სოფელი აიბარგა, ცალკე პატარა ბავშვები ტირიან, ცალკე საქონელს მოერეკება ხალხი.
ბნელა, სად მივდივართ, არ ვიცით, მაგრამ უნდა გავიქცეთ, ვიღაც იძახის, ირმას რა ეშველება? ჩვენი შორეული ნათესავია, 15 წუთის წინ უმშობიარია, წამოაყენეს და ისიც ჩვენთან ერთად მოდის, მისი ახალშობილით. ძალიან ბნელა, ტყიდან ტყემდე რომ მიდიხარ, რაღაც გზას გადიხარ, გვაფრთხილებენ, რომ სწორ გზაზე ვიაროთ, რადგან ხევია და შეიძლება გადავიჩეხოთ. თუ ტყემდე ვერ მიხვალ, შეიძლება გაიყინო. ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ გოლგოთაზე, მაგრამ ორმა ამბავმა ყველაზე მძიმედ იმოქმედა ყველა ჩვენგანზე, ვინც შევესწარით. საკენამდე ვინც მივედით, ვერტმფრენები გამოუშვა „მთავრობამ“ დაჭრილების გადასაყვანად, ბიძაჩემიც დაჭრილი იყო. როდესაც ვერტმფრენი დაფრინდა, ხალხი, განსაკუთრებით, ბავშვიანი ქალები მიაწყდნენ და ყველა ასვლას ცდილობდა. პილოტი ყვიროდა, ვერ გაუძლებს, ჩამოვარდებაო. არავინ არ უსმენდა. ბიძაჩემი არ ავიდა, ბავშვებს და ქალებს აქ როგორ დავტოვებ და მე როგორ ავალო. ძალიან ბევრი ბავშვი და ქალი აუშვეს, ვინც არ აუშვეს, ძალით ავიდა, ალბათ 10 წუთიც არ იქნებოდა გასული, სიმძიმე ვერ აიტანა ვერტმფრენმა და კლდეს შეასკდა.
მე ვერ აგიხსნით, რა ხდებოდა. საკენში, ვინმე ღვთისნიერი სვანი კაცის, სამშე ერქვა, მის ეზოში იყო შეკრებილი თითქმის ყველა და იმ დაღუპულების ოჯახის წევრების განწირული ხმები გაისმოდა… ვთხოვეთ მამაჩემსა და ბიძაჩემს, მალე გავცლოდით იქაურობას და ფეხით გაგვეგრძელებინა გზა. ყველაზე მეტად უწყლობა გვიჭირდა, მაღალი წნევისგან ყველა კბილი თითქოს გვერყეოდა, ტუჩები დაგვისკდა, ღამდებოდა, ტყეში შესვლა უნდა მოგვესწრო. შევედით, ვიღაცებს ზეწრები ჰქონდათ და ხეებს მიაბეს, შუაში ცეცხლი დაანთეს, ცეცხლის ირგვლივ დავსხედით, თითქოს ჩაგვეძინა ყველას. ბავშვის ხმა გავიგეთ: დედა, წყალიო, წყლის ხმა ისმისო. დედის ხმაც ისმის – დაიცადე, ნუ გარბიხარ, დაიცადეო. და მერე ისმის განწირული კივილი. ატყდა ჩოჩქოლი, ხევი ყოფილა, წყლის ხმა იქედან ისმოდა, ბავშვი გადავარდა, მთელი ღამე დედამისის არაამქვეყნიური ღრიალი გვესმოდა, კაცები ამბობდნენ, სანამ არ გათენდება, აზრი არ აქვს, ვერავინ ვერ ჩავაო. როგორც კი გარიჟრაჟდა, ეგრევე წამოგვიყვანეს ჩვენებმა მე და ჩემი მამიდაშვილები. ვხვდებოდით, იქაური ამბების გაგრძელება არ უნდოდათ, გვენახა. ყველა ჩუმად ტიროდა, ჩემებიც, კაციც და ქალიც. ყველა დაგვამუნჯა ამ ფაქტმა, ნახევარი დღე ესე დადუმებულებმა ვიარეთ.
მამაჩემი ჩამორჩა, გავჩერდით, რომ დავლოდებოდით. ცოტა ხანში გამოჩნდა ძალიან ბედნიერი სახით, ვიღაც კაცი შემხვდაო და მითხრაო, თურმე ის ბავშვი გადარჩაო, მარტო ფეხი აქვს მოტეხილიო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მოგვატყუა, ისევ ჩვენს გადასარჩენად მოგვატყუა. ჩვენ გადავრჩით.
წიგნიდან #დედადაილია“, – ვკითხულობთ ტექსტში.
ცნობისთვის, წიგნი შეეხება პირველ ქართველ UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას და უფრო მეტად მის დედას, ინგა ბენდელიანს, რომელმაც სირთულეებით მოცულ გზაზე საბოლოოდ მიაღწია ოლიმპოს მთას და გაიმარჯვა. ნაწარმოები გვაბრუნებს 90-იანი წლების აფხაზეთში და მკითხველიც სხვა დევნილებთან ერთად გადის ურთულეს გზას, რომელიც სხვადასხვა მაღალმთიან სოფელზე გადიოდა. იგეგმება ტექსტის უცხო ენებზეც თარგმნაც მათ შორის ესპანურად, რითაც კიდევ უფრო უკეთ გაიგებს მსოფლიო საქართველოს საკმაოდ მძიმე უახლესი ისტორიის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გზავნილი კონკრეტული ადამიანისგან, ამაზე მეტს ვერ გეტყვით – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისა და განადგურებისგან

პრემიერი – გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა

პრემიერი – ზურაბიშვილი აბსოლუტურად უინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში – ჩვენ მას ტექნიკურად გადავაყენებთ დაახლოებით, ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან

ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი არის იდეოლოგიური ხაზი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვისაა დამახასიათებელი – დაამტკიცეს, რომ მათთვის ფასეული არ არის არც სპორტი, არც სპორტსმენი და მათი გულშემატკივრობაც ყალბია