ქართული ოცნების დამფუძნებელი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან რობინ დანიგანთან არჩევნების შემდეგ შეხვედრა აქვს ჩანიშნული.
ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში მან თქვა, რომ სინგაპურში სასამართლოს მოგების შემდეგ, წინა კვირაში დაურეკა აშშ-ის ელჩს და შეხვედრა სთხოვა.
“როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა Credit Suisse-მა და ეს დასრულდა, მყისიერად, წინა კვირაში დავურეკე უკვე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ მიზეზები, რაც იყო, თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად.
იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი, ჯანსაღი, იქიდანაც სურვილი არსებობს ამის და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. რა თქმა უნდა [ჩანიშნულია შეხვედრა]. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს, სურვილი”, – თქვა ივანიშვილმა.
წამყვანმა ივანიშვილს ჰკითხა აშშ-ის ელჩის განცხადებაზე, სადაც რობინ დანიგანმა თქვა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომუნიკაციას ვერ ამყარებდა ბიძინა ივანიშვილთან, რაზეც ოცნების საპატიო თავმჯდომარემ თქვა, რომ შეხვედრები კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან გამოჩნდებოდა, რომ ამას აკეთებს თავისი კუთვნილი “ხელოვნურად დაბლოკილი ფულის” გამო.
“მე კიდევ ამერიკის პირველ ელჩს, როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი, რამდენჯერმე კარგად განვუმარტე – მე შეხვედრების წინააღმდეგ კი არ ვიყავი, მაგას როგორ ვიკადრებ?! ეს ელემენტარული უზრდელობაა. მე განუმარტავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურადაა დაბლოკილი”, – თქვა ივანიშვილმა.