“საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ 20 ოქტომბერს გამართული მარში არის დემონსტრაცია იმისა, რომ ხალხს ესმის, როგორი კრიტიკული არჩევნების წინაშე დგას ქვეყანა. ლევან ყარალაშვილი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ევროპული გზა უფრო გაცხადდება.
“ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. ვიმყოფებოდი [თავისუფლების] მოედანზე და იქ ჩემი ბევრი კოლეგა იყო. ეს იყო გამოხატულება იმისა, რომ გვინდა წავიდეთ იქ, სადაც ცივილიზაციაა, იქ, სადაც არის დემოკრატია და თავისუფლების პრინციპები. რაც გუშინ ვნახეთ, დემონსტრაცია იყო იმისა,რომ ხალხს ესმის, რა კრიტიკული არჩევნების წინაშე დგანან და იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს ევროპული გზა კიდევ უფრო გაცხადდება. ევროპა არის კეთილდღეობის წყარო. ევროპა არის თავისუფლების დიდი კუნძული, ევროპა არის ის სივრცე, რომელში ინტეგრირება ბევრ დადებით მხარეს მოგვიტანს, იქნება ეს სოციალური, ჯანდაცვის, ბიზნესის, ეკონომიკის კუთხით. “, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
ლევან ყარალაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ერთი მხრივ, აცხადებს, რომ მას ევროინტეგრაცია სურს, მეორე მხრივ, კი ანტიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებს.
‘პარადოქსულია, მაგრამ ყველა, ოპოზიცია თუ მთავრობა, ლაპარაკობს, რომ ევროინტეგრაციის იქით გამოსავალი არ არის. განსხვავება ის არის, რომ თანხვედრაში არ არის ხელისუფლების განცხადება, ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებებთან. არის მთელი რიგი მოთხოვნებისა, კანონებისა, არის თამაშის წესები, რომლებსაც უნდა პასუხობდე თუ გინდა, ევროპული ოჯახის წევრი გახდე. სწორედ, აქ არის ძირითადი აცდენა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნათლად ჩანს ყველა იმ განცხადებაში, რაც ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისგან გვესმის”, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.