რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ამოცანები უცვლელია – „დასავლეთის მაქსიმალური დასუსტება“.
დღეს, 21 ოქტომბერს, მედვედევმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა ნააზრევი, რომელიც BRICS-ის მე-16 სამიტს მიუძღვნა. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ამ გაერთიანების სამიტი ხვალ, 22 ოქტომბერს, გაიხსნება რუსეთის ქალაქ ყაზანში.
მედვედევმა მოიშველია რუსი პოეტის, ტიუტჩევის მიერ 1864 წელს ნათქვამი, რომ დასავლეთის სახელმწიფოებისადმი რუსეთის ერთადერთი პოლიტიკა უნდა იყოს არა რომელიმესთან კავშირი, არამედ მათი გაყოფა და განცალკევება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ აქვთ რუსეთისადმი მტრობის უნარი.
მედვედევის განცხადებით, გასული 160 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და „ამოცანები იგივეა – დასავლეთის მაქსიმალური დასუსტება და დამცირება, მათ შორის ევროპის“ და ამის შემდეგ „მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – თავად ამერიკის შეერთებული შტატების დაშლა ან, როგორც მინიმუმ, ამერიკის სრულფასოვანი საპირწონის შექმნა, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის და ვარშავის ხელშეკრულების არსებობის პერიოდში“.
მედვედევი „უკვე ხედავს ახალი ბალანსის პერსპექტივებს“ – BRICS-ს და ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელიც ჩინეთს, რუსეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს აერთიანებს.