ნათია მეზვრიშვილი – გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა

გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა, – ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ.
მისივე შეფასებით, მმართველი პარტია უკვე ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს.
„ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი წინასაარჩევნოდ ჩადენილ დანაშაულებს ეძღვნება. მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არის დამარცხებული, იმიტომ, რომ მსგავს დანაშაულებს დამარცხებული ხელისუფლებები ჩადიან, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და ზუსტად იმ პოლიტიკური პარტიის მისამართით, ვინც მთავარ მეტოქედ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიაჩნიათ.
გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა. „ქართული ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს. ესენი გახლავთ დავით დვალი, რომელიც არის კალაძის მძღოლის შვილი და დავით არჩვაძე – ახალგაზრდულის ხელმძღვანელი.
სამწუხაროდ, ეს არის შედეგი დაუსჯელობის. 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
უმოქმედობას კონკრეტული შედეგები მოჰყვა სხვა შემთხვევებშიც. ქსანში ჩვენი გუნდის წევრ, ლია ყოჩიშვილის მიმართ მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, 19 ოქტომბერს დაზარალებულ ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხა კორუმპირებული დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი, გია ჯიქია მისი არასრულწლოვანი შვილის მეშვეობით. აქაც „ქართულმა ოცნებამ“ არასრულწლოვანი გამოიყენა.
სენაკში სკოლის დირექტორის, შორენა შამათავას უკანონოდ გათავისუფლებაზე რეაგირების ნაცვლად, სკოლის მოქმედმა დირექტორმა, 3 ოქტომბერს შორენა შამათავას მიმართ ზეწოლა მისი პოლიციის უფროსი ქმრის მეშვეობით გააგრძელა, რის გამოც ემოციურ ნიადაგზე შორენა შამათავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. განგრძობად დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად კი, 19 ოქტომბერს პოლიცია დანაშაულის მიჩქმალვას შეეცადა და შორენა შამათავა პოლიციაში იმისთვის დაიბარეს, რომ დაეფიქსირებინა თითქოს პრეტენზია არ ჰქონდა.
ვანში პოლიციის უფროსის მიერ ჩვენი გუნდის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ნაცვლად, ჩვენი გუნდის წევრ გიორგი სვანაძის მიმართ ადევნება და თვალთვალი გრძელდება.
დღემდე საგამოძიებო ორგანოებში შეტანილ, არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა, რაც გზას უხსნის წინასაარჩევნო კვირაში კიდევ უფრო მეტ ძალადობას.
მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას რეაგირებისკენ. 26 ოქტომბრის არის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი და ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა არავის ეპატიება. პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.