გავლენიანი თურქი რელიგიური ლიდერი, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიდი ხნის მოწინააღმდეგე მუჰამედ ფეთულა გულენი 83 წლის ასაკში, აშშ-ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები ეფუძნება X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს მედიაორგანიზაცია Herkul-ის მიერ, რომელიც მიჩნეულია გულენთან და მის მიმდევრებთან დაკავშირებულად და ხშირად აქვეყნებდა იმამის ქადაგებებს.
გულენი საყოველთაოდ ითვლებოდა თურქეთის მეორე ყველაზე გავლენიან ადამიანად, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდა ემიგრაციაში შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატში. წარსულში ის ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმაც 2013 წლის კორუფციული სკანდალის შემდეგ, დაუპირისპირდა მას. თურქეთის ხელისუფლება გულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებდა, მის მოძრაობას კი ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებდა. გულენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.
მისი მოძრაობა საბოლოოდ გამოცხადდა ტერორისტულ მოძრაობად თურქეთის სახელმწიფოს მიერ და ცნობილი იყო როგორც ტერორისტული ორგანიზაცია (FETO).
2016 წლიდან დღემდე, თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ჩართულობისა თუ მასთან კავშირის ბრალდებით, ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.
ფეთულა გულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლო ინსტიტუტებს საქართველოშიც ებრძოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა საბოლოოდ მფლობელი შეიცვალა.