ქალაქ ვანის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის 80 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქ ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, აშენდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ სანიაღვრე სისტემებსაც. შესაბამის დოკუმენტს ხელი ვანის მერიაში მოეწერა.
„წყალმომარაგების მიმართულებით დაგეგმილია 42კმ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ორი ჭაბურღილის მშენებლობა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია, ასევე, აშენდება სატუმბი სადგური და მოეწყობა SCADA-ს სისტემა.
წყალარინების პროექტის ფარგლებში კი დაგეგმილია 47კმ ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე, ერთი დიდი და 15 პატარა სატუმბი სადგურისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.
წყალმომარაგების სამუშოების შედეგად, ქალაქ ვანის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლიდან ისარგებლებენ.
გარდა ამისა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. ამ დროისთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. ტენდერის გამოცხადება 2024 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – “ძლიერი საქართველო” ხელს შეუწყობს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას – სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, “ოცნებამ” კი ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა