დიდ დიღომში 2 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებლობა იწყება – კახა კალაძე
დიდ დიღომში თავდადებულის ქუჩაზე ახალი პარკის მშენებლობა იწყება. ამ დროისთვის მიმდინარეობს 2 ჰექტარ ტერიტორიის გაწმენდა და მომზადება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
2 ჰექტარი ტერიტორია გაუსაძლის მდგომარეობაში იყო, იწმინდება სამშენებლო ნარჩენებისგან, ხორციელდება მწვანე ნარგავების გამოხშირვა, იხსნება უკანონო შემოღობვები, რომელიც ძალიან ბევრი იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, სადაც საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. სამუშაოებს 2024 წელს დავასრულებთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მომავალი წლის ზაფხულში დამთავრდება დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობაც. აღნიშნულ ცენტრში თავმოყრილი იქნება კალათბურთის მოედანი, ტანვარჯიშის მოედანი, ჭიდაობის დარბაზი, სატრენაჟორო სივრცე, საცურაო აუზები დიდებისთვის და პატარებისთვის, მედიათეკა და ა.შ.
„ამ მულტიფუნქციური ცენტრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა საბურთალოს გამგეობამ, მოაწყო ძალიან ლამაზი მწვანე სივრცე. დარჩენილი იყო ტერიტორია, რომელიც სრულად გასაახლებელია, რის რეაბილიტაციასაც თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს და მომავალი წლისთვის ესეც დასრულებული იქნება,“- აღნიშნა კახა კალაძემ.