მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ონლაინმაღაზია, Hepsiburada შეიძინა

ყაზახეთში გადახვეწილი ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ფინტექ-კომპანია Kaspi.kz, რომლის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, თურქეთის ბაზარზე შედის.
თურქეთის 100-მილიონიან ბაზარზე გააქტიურებისთვის, Kaspi.kz-მა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Hepsiburada-ს 65.41%-იანი წილი შეიძინა, რაშიც $1.127 მილიარდი გადაიხადა.
Kaspi.kz-ის მსგავსად, Hepsiburada საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები აგრეთვე NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ტრანზაქციის ჩახურვის შემდეგ, ორივე კომპანია საკუთარ ბრენდს და საოპერაციო სტრუქტურას შეინარჩუნებს.
ტრანზაქცია, რომლის დასასრულებლად თურქეთის შესაბამისი მარეგულირებლის თანხმობა არის საჭირო, ნაღდი ფულით, ორ ტრანშად შესრულდება და მისი დახურვა 2025 წლის პირველ კვარტალში არის დაგეგმილი. გარიგების შედეგად Kaspi.kz-ი კომპანიის საკონტროლო წილის მფლობელი გახდება. Kaspi.kz-ის მიერ Hepsiburada-ს შესყიდვის ინფორმაციას დადებითად შეხვდნენ თურქული კომპანიის აქციონერები, რაც კომპანიის აქციის ფასზე აისახა. თუ გარიგების გასაჯაროებამდე Hepsiburada-ს ერთი აქცია დაახლოებით $2.2-ად ივაჭრებოდა, სიახლის ფონზე ფასმა $3.76-მდე იმატა, რაც 70%-იანი ზრდაა. მოგვიანებით, ფასი მცირედით დაკორექტირდა და ამჟამად, დაახლოებით 56%-იანი პრემიუმით ივაჭრება.
2000 წელს დაფუძნებული Hepsiburada თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა. გასულ ფისკალურ წელს, თურქული კომპანია თორმეტ მილიონ მომხმარებელს და 101,000-მდე მერჩანტს მოემსახურა, რომელთაც პლატფორმაზე $4 მილიარდი საქონელი გაყიდეს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, Hepsiburada მოგებაზე გავიდა და GMV-ის 2.4%-ის ტოლი EBITDA-პოზიტიური შედეგი დააფიქსირა. ტრადიციული ონლაინმაღაზიის გარდა, Hepsiburada-ს ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც პროდუქტების მიტანის სერვისს, ონლაინგადახდების პლატფორმას, უპროცენტო განვადების ფუნქციონალს და სარეკლამო ბიზნესს.
ყაზახური კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ მსხვილ გარიგებას Kaspi.kz-ის მმართველი პარტნიორი, მიხეილ ლომთაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთის მრავალმილიონიან ბაზარზე გაფართოება კომპანიისთვის სტრატეგიული პრიორიტეტი იყო, ხოლო Hepsiburada, მისი კორპორაციული კულტურიდან და ბიზნესმოდელიდან გამომდინარე, Kaspi.kz-ისთვის სინერგიულ არჩევანს წარმოადგენს.
“გვახარებს, რომ შეგვიძლია თურქეთის ერთ-ერთ წამყვან ელექტრონული კომერციის პლატფორმასთან, Hepsiburada-სთან ძალების გაერთიანება შეგვიძლია. ჩვენი ბაზრის 100 მილიონ ადამიანამდე გაზრდა Kaspi.kz-ის სტრატეგიული პრიორიტეტი იყო.
კორპორაციული კულტურის კუთხით, Hepsiburada სწორ არჩევანს წარმოადგენს Kaspi.kz-ისთვის, რადგან კომპანიას ინოვაციური კულტურა, მომხმარებლისთვის და მერჩანტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებაზე ფოკუსი და გრძელვადიან ზრდაზე აღებული ვექტორი გამოარჩევს. Hepsiburada, ისევე, როგორც Kaspi.kz-ი, ანტრეპრენიორულ თვისებებზე დაფუძნებული კომპანია და ადგილობრივად შექმნილი ელექტრონული კომერციის ჩემპიონია, რომელიც ხედვის მქონე დამფუძნებელზე შექმნა. ორივე კომპანიას მსგავსი მიზანი აქვს, რაც მომხმარებლების და მერჩანტების ცხოვრების გაუმჯობესებას გულისხმობს.
Hepsiburada EBITDA-პოზიტიური კომპანიაა, რაც ადასტურებს, რომ აქციონერები და მენეჯმენტი მოგებიან ზრდაზე იყო ორიენტირებული და არა ზრდაზე ნებისმიერ ფასად. ტრანზაქციის ჩახურვის შემდეგ, ორივე კომპანია საკუთარ ბრენდს და საოპერაციო სტრუქტურას შეინარჩუნებს. ჩვენი მიზანია, Kaspi.kz-ის და Hepsiburada-ს გუნდების ერთობლივი ცოდნა და ტექნოლოგია გამოვიყენოთ, რათა თურქეთში და ყაზახეთში ელექტრონული კომერციის და ციფრული სერვისების ეკოსისტემა განვავითაროთ. გვჯერა, რომ ყაზახეთში და თურქეთში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესები და ანტრეპრენიორები ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული ახალი შესაძლებლობებით იხეირებენ”, – აღნიშნავს Kaspi.kz-ის მმართველმა პარტნიორმა, მიხეილ ლომთაძემ ინვესტორებისადმი გაგზავნილ წერილში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Kaspi.kz-ი ცენტრალური აზიის უდიდესი ფინტექ-კომპანიაა, რომელიც ფინანსური პროდუქტების გარდა აერთიანებს, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებს. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. 2024 წლის სამი კვარტალის მონაცემებთ, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 34%-ით იმატა და $3.78 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიის წმინდა მოგებამ 23%-ით იმატა და $1.6 მილიარდი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ლომთაძე საქართველოს უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $5.6 მილიარდად აფასებს. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მიხეილ ლომთაძის სახელს ვეღარ ვხვდებით Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში, საიდანაც ის მას შემდეგ ამოვარდა, რაც ფინანსურ ბაზრებზე ჩართულმა კვლევითმა ორგანიზაცია Culper Research-მა Kaspi.kz-ი ფინანსური ინფორმაციის მანიპულაციაში დაადანაშაულა, რამაც კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად შეამცირა. Bloomberg-ის თანახმად, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ა, რომლის ქონებას ამერიკული გამოცემა $7.6 მილიარდად აფასებს.
წყარო: bm.ge