3 რამ, რასაც საქართველოს მოქალაქე EU-სთან დაშორებით დაკარგავს – მოსაზრება

3 რამ, რასაც საქართველოს მოქალაქე EU-სთან დაშორებით დაკარგავს – მოსაზრება
რა შეიძლება იყოს საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის NATO/EU-სგან დაშორების ფასი? – ამ შეკითხვას გადაცემა “ანალიტიკაში” საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ უპასუხა.
მისი თქმით, იმით, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, კიბერუსაფრთხოების პროგრამა კი შეაჩერა, ჩვენ ვკარგავთ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახელმწიფოს დასავლურ სამყაროში, როგორც ჩვენი დასავლური ინტეგრაციის ძალიან ძლიერ ლობისტს.
“მეგობარი გავიხადეთ უცხოდ. მეგობარმა გაგვიიუცხოვა. გერმანიის შემთხვევაში მეგობარი გავიხადეთ “ნეგატივში”. ამათი უგუნური პოლიტიკის გამო, გერმანია დღეს მხარს აღარ უჭერს საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას ევროკავშირთან”, – აღნიშნა ხარშილაძემ.
მან დაასახელა სამი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ევროკავშირთან დაშორებით დაკარგავს საქართველოს მოქალაქე:
“პირველი არის ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა [ვიზალიბერალიზაცია]. კარგად მახსოვს ის დრო, როცა საკონსულოებში მიწევდა რიგებში დგომა და ვიზის აღება. ეს აღარა არის, მაგრამ ისევ იქნება.
მეორე არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის ევროპაში უფასო და თავისუფალი სწავლის შესაძლებლობა. ესეც მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელიც აღარ იქნება. წავა ბევრად უფრო ნაკლები ახალგაზრდა და ის შეღავათები, რაც ევროკავშირმა მოგვცა, აღარ იქნება.
მესამე – არის დასაქმება, მუშაობის უფლება ევროპაში. ქართველები ჩადიან ლეგალურად, ნახევრად ლეგალურად საქმდებიან და შემდეგ ადგილზე “ალეგალურებენ”. მუშაობის უფლება შეიძლება არ აქვთ მისი დაწყების დროს, მაგრამ ლეგალურად არიან ჩასულები და მერე აღარ არის პრობლემა. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს არის დასაქმებული ევროკავშირში, ისე რომ მათი უფლებები დაცულია, უკეთეს ხელფასს იღებენ, ვიდრე აქვთ სხვა არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს.
ეკონომიკის ზრდა, რომელსაც ასე ამაყად იბრალებს “ქართული ოცნება”, დიდწილად ამ [ფულად] გზავნილებზეა დამოკიდებული, ვინაიდან გარედან შემოდის ფული, ჩვენები იქ შოულობენ ფულს და აგზავნიან აქ, სახლში. ამას ემატება ის უფასო ფულიც, რასაც გვაძლევდა ევროპა, რომელიც ასევე აღარ იქნება. ეს თუ ვინმეს ჰგონია რომ ცოტაა, ამოიღოს მაშინ ჯიბიდან ვინმემ და დადოს – 160 მლნ, 200 მლნ, 300 მლნ, რომელიც აღარ იქნებოდა. ეს ხმარდებოდა ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას. ბევრს ხარჯავდა ევროპა იმისათვის, რომ საქართველოში ახალი სისტემები დანერგილიყო, რათა კონკურენტუნარიანი გამხდარიყო [ქვეყანა]”, – ამბობს ხარშილაძე.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის ს თქმით, საქართველომ დაკარგა €121 მილიონის დახმარება. მისივე პროგნოზით, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, მეტს დაკარგავს.
ჰერჩინსკის თქმით, ამ ყველაფრის დაკარგვის პარალელურად, საქართველო უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთზე.
“ვისაც გაინტერესებთ, წაბრძანდით და ნახეთ რუსეთში როგორია ცხოვრება. იქ არ არის კარგი ცხოვრება, იქ რომ კარგი ცხოვრება იყოს, ამდენი რუსი აქ არ იქნებოდა, საკუთარი ქვეყნიდან გამორბიან. რა გვინდა ჩვენ იმ ქვეყანაში, საიდანაც საკუთარი მოქალაქეები გამორბიან. შესაბამისად, ჩვენ ვკარგავთ მომავალს, იმისათვის რომ დავუბრუნდეთ წარსულს”, – განაცხადა მან.
წყარო: bm.ge